(..ალბათ, პაპაჩემი ბოშებს აკერპებდა)

  14:53:44     15-10-2013

ალბათ, პაპაჩემი ბოშებს აკერპებდა _
აშლილ ვიოლინოს ვნებით აყეფებდა,
უქროდა მათებრ და მათსავით მღეროდა,
ვიღაცა აქებდა, ვიღაცა მტერობდა.
მეც მისი ჯიშის ვარ, შლეგი და სულელი,
თან დამდევს ქვიშის და ქარების სურნელი.
ეს მან დამანათლა, ალბათ, ხეტიალი,
ხუჭუჭა ქოჩორი, ცხვირი კეხიანი.
ახლაც ჩემი ხელით კვლავ ატმებს იპარავს
და ჩემი თითებით ტკრციალებს გიტარა...
ნამგალს არ ჰკვერავდა, სულ დანავარდობდა,
მეგობრად ვერა და, საყვარლად ვარგოდა!
თამბაქო უყვარდა, მთვარე და მძივები,
მეზობლის ქალების მკერდზე დაძინება.
ცხოვრება ჩემსავით ფეხებზე ეკიდა,
დანა მოუჩანდა ჩაკეცილ ჩექმიდან!
ცოტა მხდალიც იყო _ საფლავებს უფრთხოდა _
ეშმაკს მთლად გროშებად სულსაც დაუთმობდა.
ალბათ, კატასავით გამვლელს კლანჭს ასობდა,
შენი ვიოლინო სულ აღარ ახსოვდა...
რა შლეგიც ის იყო და მიეთ-მოეთი,
ხედავთ, მეც ისეთი დავდექი პოეტი!.

მარინა ცვეტაევა