
როგორ იყენებენ პირადი მიზნებისთვის სამსახურეობრივ ავტომანქანებს „მეოცნებე“ მაღალჩინოსნები...
11:13:12     15-10-2013
გასული წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვამ ოცნება ოჯახის წევრებს აუხდინა. ბიუჯეტის ხარჯზე შესყიდული ძვირადღირებული სამსახურებრივი ავტომანქანები, მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებს ხშირად ემსახურებიან.
ჰაი კლასის ავტომობილებით, ჩინოსანთა ნათესავები თავს იწონებენ პანაშვიდებზე, დადიან ქორწილებში. ბათუმის საკრებულოში, ამ ტენდენციის აღსაკვეთად, განკარგულების გამოცემაც კი გამხდარა საჭირო.
მანქანების საწვავისა და ავტოპარკის ტექნიკური მომსახურებისთვის, რითაც აჭარის ხელისუფლების წევრები სარგებლობენ, წელს ბიუჯეტიდან 1 358 000 ლარი გამოიყო. ბათუმის მასშტაბით კი ეს თანხა 520 ათასი ლარია.
ჟურნალისტებმა ბათუმის უმაღლესი საბჭოს წევრი და თავმჯდომარის მოადგილის, დავით ბაციკაძის მეუღლე სამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილებისას დააფიქსირეს, რის შემდეგაც ბაციკაძეს მოუწია იმის აღიარება, რომ ავტონქანა მის ოჯახს ხშირად ემსახურება.
"ხომ არ მოვიტყუებ, ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემი ოჯახის წევრებს გამოუყენებიათ სამსახურის ავტომანქანა, მაგრამ საჭესთან არასდროს დამჯდარა ჩემი მეუღლე, მართვა არ იცის. ეს ის შემთხვევებია, როცა სახლიდან ერთად გამოვდივართ და ბავშვები მიმყავს სკოლაში. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როცა მძღოლი გამიშვია და მომსახურებია მათ"- აცხადებს ბაციკაძე გაზეთ „ბათუმელებთან“.
სამსახურებრივი ავტომანქანის პირადი მიზნებისთვის გამოყენების შემთხვევებს ადასტურებს სულხან ღლონტიც, რომელიც ასევე უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ფრაქცია "ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარეა.
ღლონტი: "არ დავიწყებ თვალთმაქცობას და ვიტყვი, რომ ყოფილა ასეთი შემთხვევები, ძირითადად, შვილთან დაკავშირებით. არასამსახურებრივ საქმეზე ვყოფილვარ, როცა ბავშვი წამიყვანია ბაკურიანში და ჩამომიყვანია. როცა რაღაც სჭირდება ბავშვს და მე შედარებით თავისუფალი ვარ, ამ შემთხვევაში ვიყენებ მანქანას".
გამოცემასთან სამსახურეობრივი ავტომობილის პირადი ინტერესებისთვის გამოყენების ფაქტს "გადაცდომებს" უწოდებს უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი დეპუტატი ალექსანდრე ჩიტიშვილი.
"ხან ტირილია, ხან რაღაცაა. რა თქმა უნდა, მანქანა გამომიყენებია. მეუღლეც წამიყვანია საავადმყოფოში. მაქვს ასეთი გადაცდომები. შუამთობაზეც ვიყავი მანქანით და კვირას მაჭახელობაზე მივდივარ. ახლა ეს სახელმწიფო საქმე შეიძლება არ არის, მაგრამ დეპუტატი ვარ და ვალდებული ვარ ხალხთან მივიდე. თბილისშიც წავსულვარ ამ მანქანით. არ მაქვს უფლება?"
ირაკლი ბარამიძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი :ნაციონალური მოძრაობიდან", ამბობს, რომ სახელმწიფო მანქანით აქამდე არ უსარგებლია:
"ფრაქცია აპრილში შეიქმნა, მაგრამ მანქანა ოთხი დღეა, რაც მომცეს. ჯერ სოფელშიც კი არ ვარ ამ მანქანით ნამყოფი".
სახელმწიფო მანქანით სარგებლობს უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი წევრი "ნაცმოძრაობიდან" რობერტ ჩხაიძე:
"მე ისეთი ავტომანქანა მომცეს, პირად საქმეზე კი არა, სამსახურის საქმეზეც ვერ დავდივარ. ჩემი ასაკის მერსედესია. არ არის მწყობრში და დიდი თხოვნის მიუხედავად, უმაღლესი საბჭო გარემონტებაზე უარს მეუბნება. საღამოს საათებშიც ვერ დავდივარ, რადგან ფარებიც არ მუშაობს".