
„რუსეთი არ გაჩერდება საოკუპაციო საზღვრის გამაგრებაზე“- რა გეგმები აქვს ბურჯანაძეს?
18:16:05     11-10-2013
ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ნინო ბურჯანაძის ხელით, რუსეთს თბილისში არეულობის მოწყობა აქვს განზრახული, პოლიტიკურ წრეებში გამოხმაურება უკვე მოჰყვა.
მერაბიშვილის ბრალდებას „დემოკრატიული მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ნინო ბურჯანაძემ უპასუხა. ბრალდების ადრესატი ირწმუნება, რომ 28 ოქტომბერს აქციების გამართვა არ დასჭირდება.
ნინო ბურჯანაძე: "ეს სრული დეზინფორმაციაა. 27 ოქტომბერს, როცა ხელისუფლებაში მოვალ, მე მას ვპირდები, წარმოვადგენ ყველა იმ ობიექტურ მასალას, რომლის საფუძველზეც ვანო მერაბიშვილიც, მიხეილ სააკაშვილიც და მათი მეგობრებიც კარგა ხნით, მყარად ჩაჯდებიან ციხეში“.
ბურჯანაძის ფიცის არ სწამთ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს.
როგორც „პრესა.ჯი“-სთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, მერაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას, ბუჯანაძის რუსეთთან კავშირი და 26 მაისის მოვლენები ამყარებს.
ნუგზარ წიკლაური: ნონო ბუჯანაძის ღია განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ ის არ აპირებს შეეგუოს იმ შედეგებს, რომელიც დადგება 27 ოქტომბერს. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ცალსახად აცხადებს, რომ ერთადერთი, რაც მას დააკმაყოფილებს, გამარჯვებაა. აქედან გამომდინარე, საყურადღებოა ის განცხადება, რაც მერაბიშვილმა დღეს გაავრცელა. მე პირადად არ გამოვრიცხავ, რომ ამ ქალბატონს განზრახული ჰქონდეს დესტრუქციული გეგმის განხორციელება. ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ საუბარია იმ ადამიანზე, ვისაც არად მიაჩნია ასეულობით ადამიანის სიცოცხლე და ქართველების მკვლელ პუტინთან ერთად მოსკოვში გამართულ აღლუმებში იღებდა მონაწილეობას. საზოგადოებას ტელევიზიით გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერიც ახსოვს, სადაც ის საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სპეცდანიშნულების შემოყვანას გეგმავდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბურჯანაძე ძალიან სახიფათო პიროვნებაა. ვურჩევ შს მინისტრს, რომ მერაბიშვილის განცხადება უყურადღებოდ არ დატოვოს“.
ბურჯანაძეს ექსტრემისტული განწყობის პოლიტიკოსს უწოდებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, გივი თარგამაძეც.
„ბურჯანაძე ღიად საუბრობს, რომ თუ ის არჩევნების მეორე ტურში არ აღმოჩნდება, ქუჩაში გავა. ადამიანი, რომელიც ცდილობს იყოს პუტინის კარის მსახური, თავისუფლად შეასრულებს კრემლის დაკვეთას. ზოგადად, ბურჯანაძის მოტივი არ იცვლება, მას სურს დესტრუქციული ნაბიჯებით მოვიდეს ქვეყნის სათავეში. იგივე მცდელობა ჰქონდა მას 26 მაისს. ბურჯანაძის ქმედებები უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ, რომ პროცესი ხელიდან არ გაექცეს და მდგმარეობამ ქუჩაში არ გადაინაცვლოს“,- განუცხადა „პრესა.ჯი“-ს გივი თარგამაძემ.
რაც შეეხება მმართველი ძალის პოზიციას, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ქუჩის აქციების არ ეშინით. „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვახტანგ ხმალაძემ აღნიშნა, რომ თუ მერაბიშვილს გააჩნია მტკიცებულებები, მთავრობას უნდა წარუდგინოს.
ვახტანგ ხმალაძე: ძალიან საეჭვოა, რომ ძალამ, რომელსაც არჩევნების შედეგების ქუჩაში გაპროტესტება წინასწარ განრახული აქვს, მხარდამჭერთა შეგროვება შეძლოს. რაც შეეხება მერაბიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ალბათ მას ეს დაესიზმრა და თუ ასე არ არის, წარმოადგინოს მტკიცებულებები.
ყოფილი პრემიერის გაცხადებას რეალურს უწოდებს ექსპერტი მიხეილ თავხელიძე.
„მერაბიშვილის განცხადება სავსებით რეალურია, ბურჯანაძეს ერთხელ უკვე ჰქონდა მცდელობა თბილისის ცენტრში რუსული ჯარი დამდგარიყო. არსებობს ვარაუდი, რუსეთი არ გაჩერდება საუკუპაციო საზღვრის გამაგრებაზე. ისინი აუცილებლად დააპირებენ მთელი საქართველოს აღებას“,- განუცხადა „პრესა.ჯი“-ს თავხელიძემ.
კითხვაზე, რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ ყოფილი პრემიერის განცხადების შემდეგ, ექსპერტი აცხადებს, რომ აქ გასარკვევია, სურს თუ არა მთავრობას მოქმედება.
თავხელიძე: აქ გასარკვევია, მთავრობას უნდა თუ არა, რუსეთმა დაიპყროს ჩვენი ტერიტორია. თუ უნდა, მაშინ არაფერს გააკეთებს და თუ არა - მაშინ ბურჯანაძეს არ უნდა მისცეს ამ აურზაურის განხორციელების შესაძლებლობა.
რუსეთის მიერ საოკუპაციო სააზღვართან განხრციელებულ ქმედებას შემდგომი არეულობის მაპროვოცირებელ ფაქტად აღიქვამს პოლიტოლოგი დავით ამირეჯიბი.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებას საქართველოს წინააღმდეგ, რაც ოლიმპიადაზე მეჩირაღდნედ აგვისტოს ომის რუსი გმირის დანიშვნით და მცოცავი ოკუპაციით ვლინდება. ეს ყველაფერი წინასაარჩევნო პერიოდს საეჭვოდ ემთხვევა. არ არის გამორიცხული, პუტინის და ჟირინოვსკის ოცნება ახდეს და ყველაფერი სამოქალაქო დაძაბულებაში გადაიზარდოს, რომ საქართველოს დედაქალაქში შემოსვლის საბაბი გაუჩნდეთ. ამის საშიშროება ძალიან დიდია, ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. ყველა ის ძალა, რომელიც კოჰაბიტაციაში იმყოფება, უნდა დაფიქრდეს. ძალა კი, რომელიც ხალხს ქუჩაში გამოიყვანს, პასუხისმგებელი იქნება ქვეყნის სრულ ოკუპაციაზე “,- განაცხადა ამირეჯიბმა.
ბურჯანაძის მხრიდან 26 მაისის სცენარის განმეორებას არ გამორიცხავს 26 მაისს მოკლული პოლიციელის დედა ანა აზნაურაშვილი.
„ჩემ თვალში და საერთოდ, შეგნებული ადამიანების თვალში ბურჯანაძე მკვლელია. ის ჩემი შვილის სისხლს ვერასდროს ჩამოირეცხავს, რაც არ უნდა ბევრი ფული და გავლენები გამოიყენოს. ჩემი შვილის მკვლელს, ალექსანდრე ბიბილურს თავისუფლება ბურჯანაძემ ფულით უყიდა. ბურჯანაძის ოჯახი სისხლით მოსვრილია. მაგათი პროვიცირებული იყო 26 მაისს ხალხის დარბევა... სისხლისღვრა უნდოდათ. დღეს კი ამ ოჯახის წევრებს უნდათ საზოგადობაში თავი ისევ ამაყად გამოყონ, თითქოს არაფერი მომხდარა.