
გიორგი კანდელაკი: სპორტსმენების გადასაწყვეტია, სურთ თუ არა მონაწილეობა მიიღონ საკუთარი ქვეყნის დამცირებაში
14:18:55     10-10-2013
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა სახელმწიფოებრივობაზე მაღლა ვიწრო პარტიული ინტერესები დააყენეს.
"ეს ეხება ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხს, მცოცავ ოკუპაციას. ვერ ვხვდები, მათი უარი რას ნიშნავს. მიუხედავად განსხვავებული აზრებისა, ამ შემთხვევაში კოორდინირებულად უნდა გვემუშავა. ეს იქნებოდა მშვიდი დისკუსია. თუ პრეზიდენტს რამის თქმა სურს, დახურული სხდომა არაფერში სჭირდებოდა. რა პიარზეა საუბარი, როცა უშიშროების დახურულ სხდომაზე ვსაუბრობთ", - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ ხელისუფლების უარის კომენტირებისას.
„პრესა.ჯი“-სთან ინტერვიუში, მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი კი აცხადებს, რომ პრემიერის ეს გადაწყვეტილება ქვეყნის იმიჯისთვის და უშიშროებისთვის ზიანის მომტანია.
კანდელაკი: ეს საზიანო გადაწყვეტილებაა სახელმწიფო უშიშროებისთვის. ასევე საზიანო გადაწყვეტილებაა პრაგმატულად „ქართული ოცნებისთვის“ და პირადად ბიძინა ივანიშვილისთვისაც. ეროვნული უსაფრთხოებაზე წინ ისინი აყენებენ თავიანთ ვიწრო პარტიულ ინტერესებს. მათ არ ესმით, ან არ უნდა გაიგონ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს გავლენა აქვს ადამიანთა სიცოცხლის საკითხებზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე და საერთაშორისო ურთიერთობებზეც კი. იმის ჩვენება რომ ქვეყნის მთავრობა პრეზიდენტთან ერთად ზრუნავს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, წაადგებოდა ჩვენ მიზნებს, რათა კიდევ უფრო არ გაღრმავდეს ის ნეგატიური ტენდენციები, რაც არის ეკონომიკაში.
„პრესა.ჯი“: ხელისუფლების არგუმენტია, რომ მას არ სურს მიიღოს „სააკაშვილის პიარ–აქციაში“ მონაწილება...
- უშიშროების სხდომები დახურულია, პიარ–აქცია გამორიცხულია. მისი დასრულების შემდეგ კი, თუ რამის განცხადების გაკეთების სურვილი ექნებათ შეხვედრაში მონაწილე მხარეებს, ეს ისედაც მოხდება. პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო არგუმენტი.
- როგორ შეაფასებთ საკუპაციო საზღვართან მიმდინარე პროცესებს, დგამს თუ არა ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად?
- „ქართული ოცნების“ ერთწლიანი მუშაობის შეფასება, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია შეფასდეს, როგორც არაფრის მომცემი. ხელისუფება ამ მიმართულებით არასწორ ნაბიჯებს დგამს. აქვე მინდა ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთთან ურთიერთობის ცივილიზებულ რელსებზე გადასვლის მომხრეა და მიესალმება ყველა ნაბიჯს, თუმცა ამ ურთიერთობიდან სარგებელი საქართველომაც უნდა მიიღოს. ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს კი, ამ დრომდე ერთადერთი შედეგი მოჰყვა, მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება და დამატებით ტერიტორების დაკარგვა. უნდა აღინიშნოს რომ რუსეთის მუდმივი ქიშპობა და აგრესიული ქმედებები განპირობებულია არა რომელიმე პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ, არამედ მთლიანად ქართული სახელმწიფოს დისკრემინიზაციისკენ. მოსკოვიში გადაწყვეტილებების მიმღებ ადამიანებს ფუნდამენტურად არ მოსწონთ ჩვენი სახელმწიფო.
- ბოლო დღეებია სოჭის ოლიმპიადა პოლიტიკური გარჩევის საგანი გახდა. მოქალაქეთა ნაწილი თვლის, რომ საქართველომ პუტინის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, აქვე აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური ცეცხლის ანთება რუს მფრინავს, 2008 წლის აგრესიის ერთ-ერთი მთავარი გმირს, ივან ნიჩაევს ანდეს...
- იმის მიხვედრას, რომ რუსეთი ამ ოლიმპიადას საქართველოს ოკუპაციის ლეგიტიმაციისთვის გამოიყენებდა, როგორი პოლიტიკური ვითარებაც არ უნდა ყოფილიყო, დიდი მარჩიელობა არ სჭირდება. ცნობილია ისიც, რომ სოჭში კულტურული ღონისძიებებიცაა დაგეგმილი და არსებობს დიდი ალბათობა, რომ იქ მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის მიერ აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ წარმომადგენლები, რაც ქართული სახელმწიფოებრიობის ფეხქვეშ გათელვის ტოლფასია. მართალია, ამ ქვეყნების გუნდები ოლიმპიადაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგამ ისინი არ შედიან საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში, მაგრამ რუსეთს აქვს უამრავი საშუალება, გამოიყენოს მარიონეტული ხელისუფლება პროვოკაციისთვის. აქიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ოფიციალური პირები ამ ოლიმპიადაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდნენ, რაც შეეხებათ სპორტსმენებს, ეს მათი გადასაწყვეტია, სურთ თუ არა მონაწილეობა მიიღონ საკუთარი ქვეყნის დამცირებაში.
- საპრეზიდენტო არჩევნებზე მინდა გკითხოთ, რა პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ, ვიხილავთ მეორე ტურს?
- ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ იქნება მერე ტური. გასაგებია, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ადმინისტრაციულ რესურსს და შეინიშნება პროცესები, რომ ის აგრესული ქმედებების გამოყენებით შეეცდება თავიდან აირიდოს არჩევნების მეორე ტური, თუმცა, ეს გარდაუვალია. ეს იქნება სასარგებლო საერთოდ პოლიტიკური ცხოვრებისთვის, რადგან მეტი აქცენტი წამოვა პრეზიდენტობის კანდიდატების პიროვნულ მიღწევებზე. ამომრჩეველს კი ექნება შესაძლებლობა, შეაფასოს, აწონ-დაწონოს კანდიდატების ღირსებები. ჩემი აზრით, გიორგი მარგველაშვილს არანაირი გამოცდილება არ აქვს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობის საკითხებში. ამიტომ ის სრულიად შეუფერებელია ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე. რამოდენიმე დღის წინ, ფართომასშტაბიანი ყრილობა ჩავატარეთ, რომელმაც დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არათუ ქრება პოლიტიკური ასპარეზიდან, არამედ, ჩვენი პარტია არის ერთადერთი სტრუქტურული და იდეოლოგიაზე დამყარებული გაერთიანება, რომელიც არის დასავლეთის მიმართულებით სვლისკენ ორიენტირებული.