შიდა ქართლის გუბერნატორი მთავრობას: გამოდით კაბინეტებიდან და მიხედეთ ამ ხალხს!

  14:41:17     09-10-2013

დვანის, დიცის, ტახტისძირისა და დირბის შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა სოფელი აძვიც ორად გაჰყვეს.

ცნობილი ხდება, რომ აგვისტოს ომის მონაწილე დავით ბალამწარაშვილის კუთვნილი  4 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მავთულხლართებით შემოღობვა დაახლოებით 1 თვის წინ მოხდა, თუმცა ხელისუფლებამ ეს ფაქტი არ გაახმაურა.

„პრესა.ჯი“, საოკუპაციო საზღვართან მიმდინარე პროცესებზე, შიდა ქართლის გუბერნატორს, ზურაბ ჩხეიძეს ესაუბრა.

ზურაბ ჩხეიძე: დავიწყებ იქიდან, რომ აძვის ტერიტორია არასდროს შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებში. ბალამწარაშვილების კუთვნილი მიწის ნაკვეთი ეკუთვნის აძვს. აღსანიშნავია, რომ რამოდენიმე კვირის წინ ეს ტერიტორია რუსმა ოკუპანტებმა ღამით შემოსაზღვრეს.

- რატომ დამალეს აღნიშნული ფაქტი?

- შინაგან საქმთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ საკითხზე მას საუბარი ჰქონდა 16 სექტემბერს, შერეული კომისიის სხდომაზე, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან 16 სექტემბერს საუბარი იყო სოფელ ჯარიათზე და არა აძვზე. რაც შეეხება ფაქტის დამალვას, ამის მიზეზებზე საუბარი რთულია. ბატონი დავით ბალამწარაშვილი ჩემი განცხადებს წინა დღეს მოვიდა ჩემთან და მეც გავახმაურე ეს ფაქტი. ჩემამდე, ბატონმა დავითმა მისი პრობლების მოგვარების თხოვნით მთავრობის წარმომადგენლებს მიმართა თუმცა, არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა მათი მხრიდან. ეს ადამიანი მოითხოვდა, მიეცათ მისთვის ალტერნატიული მიწის ნაკვეთი. გუშინდელი განცხადებისა და ჟურნალისტთა აქტიურობის შემდეგ, დაზარალებულს გამოუყვეს მიწის ნაკვეთი.

- რა მდგომარეობაა საოკუპაციო საზღვართან ახლა?

- დღეის მდგომარეობით, საოკუპაციო საზღვართან სიმშვიდეა, არ ხორციელდება მავთულხლართების გაბმა. სოფელ აძვს ესაზღვრება ზემო არძევი, საიდანაც ჩანს რუსების სამხედრო ბაზა.

- რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად?

- პიველ რიგში მსგავსი ფაქტები არ უნდა დამალოს. აუცილებელია, რომ დაზარალებულებმა იგრძნონ ხელისუფლების ფინანსური და მორალური მხარაჭერა. ხელისუფლება სახლ-კარ და საძოვარ დაკარგულ ადამიანებს არ ეხმარება. გაუთავებელი თათბირების ნაცვლად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას მათ დასახმარებლად. გამოვიდნენ კაბინეტებიდან და მიხედონ ამ ხალხს.

მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას და იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი არიან მოლაპარაკების პროცესში, უფრო კატეგორიულად დააყენონ ეს საკითხები,   რათა დაცული იქნეს აქ მაცხოვრებელი მოსახლეობის ინტერესები.

- რუსი ოკუპანტების მიერ ბოლო დროს განხრციელებული ქმედების გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილი სოჭის ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამცხადების მომხრეა. თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა წავიდნენ უ არა ქართველი სპორტსმენები პუტინის მიერ ორგანიზებულ თამაშებზე?

-თქვენ როგორ გგონიათ, რუსეთის გმირის ჩირაღდანს , რომელიც აქტიურად ბომბავდა საქართველოს ტერიტორიებს, უნდა გაჰყვეს ქართული დელეგაცია? ამ მასხარაობაში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ.