27 სექტემბერს გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატი, მწამებლების ვინაობას ასახელებს
13:48:43     07-10-2013
„37 წლის პატიმრის გარდაცვალებაში, ბრალი სასჯელაღსრულების სამინისტროს მიუძღვის“- აცხადებს 27 სექტემბერს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გარდაცვლილი დენის ყვარელაშვილის ადვოკატი მამუკა ნოზაძე.
„პრესა.ჯი“-სთან ინტერვიუში ნოზაძე აღნიშნავს, რომ სუბარის უწყება გარდაცვლილს შესაბამის მკურნალობას არ უტარებდა, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია.
ადვოკატი: ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მთავრობამ ვერ უზრუნველყო C ჰეპატიტითა და ღვიძლის ფიბროზით დაავადებული პატიმრის შესაბამისი მკურნალობა. მეტიც, მას ციხეში ყოფნისას განუვითარდა გულის მწვავე დაავადება. დენის ყვარელაშვილი არაერთხელ გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი არა მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების, არამედ ახალი ხელისუფლების დროსაც.
- „პრესა.ჯი“: ვინ მიიყვანა 37 წლის მამაკაცი სიკვდილამდე?
-37 წლის პატიმრის გარდაცვალებაში, ბრალი სასჯელაღსრულების სამინისტროს მიუძღვის. 2005 წლიდან ეს პიროვნება, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა. ამ დროის განმავლობაში, მასზე ადმინისტრაციის თანამშრომლები სისტემატიურად ძალადობდა. წამება გაგრძელდა ახალი ხელისუფლების პირობებშიც. ერთ-ერთი ბოლო წამება განხორციელდაა 2013 წლის აგვისტოში. დენის ყვარელაშვილმა არაერთხელ დაწერა განცხადება მასზე განხრციელებული ძალადობის შესახებ. სცნეს კიდევაც დაზარალებულად. აღსანიშნავია ისიც, რომ მთავარ პროკურატურაში მსგავსი განცხადებები ათობით დევს, თუმცა, მწამებლები დასჯილები ამ დრომდე არ არიან. ჩემ კლიენტს მუდმივად ჰქონდა პრეტენზიები ექიმების მიმართ იმის გამო, რომ მას მკურნალობას მიზანმიმართულად არ უტარებდნენ. იმისთვის, რომ ყვარელაშვილისთვის ჩაეტარებინათ საჭირო მკურნალობა, თბილისის სასამართლოში ვიჩივლეთ. საბედნიეროდ, მაშინ ჩვენი საჩივარი დააკმაყოფილეს. მაგრამ ამის შემდეგ მისთვის მკურნალობა არ ჩაუტარებიათ. ეს არის მიზანმიმართული მკვლელობა.
- კონკრეტულად ვინ ძალადობდა პატიმარზე და რა ფორმით?
- მასზე ხორციელდებოდა როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობა. პატიმარზე ზეწოლას მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორი ახდენდა. გარდაცვლილზე ძალადობდა რეჟიმის ყოფილი უფროსი ალექსანდრე გულორდავა, გიორგი ავსაჯანიშვილი, სოციალური სამსახურის ყოფილი უფროსი ზურაბ ბულბულაშვილი, ვაჟა ცხვედიანი. ძალიან ბევრი კონკრეტული გვარებია პატიმრის განცხადებებში. რაც შეეხება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განახლებულ წამებას, მასში მონაწილეობდა დირექტორის მოადგილე მჟავანაძე და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლები- ბადრაგები. ბადრაგები მსჯავრდებულს არ აწოდებდნენ კვების პროდუქტებს და მას საკვებს იატაკზე უყრიდნენ. ხშირად, 24 საათის განმავლობაში მშიერს ამყოფებდნენ ავადმყოფ ადამიანს. უამრავი მტკიცებულება გაგვაჩნია.
პარასკევს მივმართე პროკრატურას. ვითხოვ ყველა იმ ადამიანზე სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებას, რომლებსაც თავის განცხადებებში დენის ყვარელაშვილი ასახელებს. აუცილებლად უნდა დაისაჯონ ის ექსპეტები, რომლებმაც გააყალბეს დადგნილება და დაწერეს, რომ პაციენტი მძიმე ავადმყოფი არ იყო. სწორედ მათმა დასკვნამ გამოიწვია ფატალური შედეგი. ამასთან, პატიმარი რომელიც ყვარელაშვილთან ერთად ერთ საკანში იჯდა, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ როდესაც პატიმარი ცუდად გახდა, მთელი ოთხი საათის განმავლობაში არ გაიყვანეს საკნიდან და არ აღმოუჩინეს სათანადო დახმარება. ჩემი ინფორმაციით, ამ პატიმარზე ახლაც ხორციელდება ზეწოლა, რომ არ თქვას სიმართლე.