
ბაქრაძე: პარტია წარსულში ტოვებს იმას, რაც საზოგადოებას შეცდომად მიაჩნია
18:38:10     05-10-2013
დავით ბაქრაძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობას ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით, სამი ნაბიჯის გადადგმას სთავაზობს.
ეს ნაბიჯებია: გავაგრძელოთ გადასახადების შემცირება, უარი ვთქვათ ახალი რეგულაციების შექმნაზე, მოვახდინოთ ეკონომიკური ამნისტია და ბიზნესის სრული დეკრმინალიზაცია.
ბაქრაძე: პარლამენტში გამართულმა დებატებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ არანაირი ალტერნატიული გეგმა მთავრობას არ გააჩნია, მათი გეგმაა შემდგომი დაპირისპირება, ჩვენი გეგმა კი ურთიერთთანამაშრომლობა ხალხის საკეთილდღეოდ.
სიტყვით გამოსვლისას, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ამ მიმართულებით მთავრობასთან მუშაობის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე მზადყოფნას გამოთქვამს, იმუშაოს მთავრობასთან ერთად.
“მე მზად ვარ ვიმუშაო მთავრობასთან და მიუხედავად უამრავ საკითხზე ძირეულად განსხვავებული შეხედულებებისა, მივაღწიო იმას, რაც ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება. მეორე მიზეზი, რის გამოც მთავრობას სჭირდება კონტროლი, ეს არის ჩვენი ქვეყნის მიერ არჩეული ევროპული გზაა. ამ გზიდან არგადახვევას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა მან.
ბაქრაძემ რუსეთთან ურთიერთობისთვის ახალი ხელისუფლების მიერ არჩეული კურსზეც ისაუბრა:
„დღეს ბევრს საუბრობენ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე. დიახ, მე მინდა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, მაგრამ ეს ვერ მოხდება საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე. ურთიერთობა გაუმჯობედსება, მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთი მიხვდება, რომ საქართველოს დამორჩილება შეუძლებელია“, - განაცხადა ბაქრაძემ.
ამასთან, საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, პარტია წარსულში ტოვებს იმას, რაც საზოგადოებას შეცდომად მიაჩნია.
დავით ბაქრაძე: „წარსულს უნდა ჩავაბაროთ ზემკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა და წარსულში ვტოვებთ ყველაფერ იმას, რაც დღეს საზოგადოებას შეცდომებად მიაჩნია. დიახ, ჩვენ ვსწავლობთ წარსულზე, წინა წლებში უამრავი კარგი რამ გავაკეთეთ, შევქმენით ინსტიტუტები, განვითარდა ინფრასტრუქტურა, მოქალაქეებს აღარ სძალავდნენ ქრთამს და ა.შ. მაგრამ ამასთან ერთად, გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენ ვერ შევძელით ეკონომიკური განვითარების მიტანა ყველა ოჯახში, ვერ შევძელით ყველა ადამიანის უფლებების დაცვა და ა.შ.“