
მოსწავლეების და მასწავლებლების მობილიზაცია, მარგველაშვილის დასახვედრად (ვიდეო)
18:08:36     03-10-2013
„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებზე, მოსწავლეების და მასწავლებლების მობილიზაციამ სისტემატური ხასიათი მიიღო.
მარგველაშვილის მოასხლეობასთან შეხვედრამდე „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები მასწავლებლებსა და მოსწავლეებს „ქართული ოცნების“ მაისურებს ურიგებენ. შეხვედრისთვის მოკაზმულებს კი ხშირ შემთხვევაში გაკვეთილები უცდებათ.
„კახეთის საინფორმაციო“ ცენტრი კონკრეტულ მაგალითებზე საუბრობს. გამოცემის ინფორმაციით, „ქართული ოცნებიდან“ პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში სკოლის მოსწავლეები დაახვედრეს. პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრა, სკოლის წინ, 13:30 საათზე იყო დაანონსებული, ბავშვები სკოლის გარეთ 12:30 საათიდან შეიკრიბნენ, რის გამოც ზოგიერთ კლასში სასწავლო პროცესი ჩაიშალა.
„მასწავლებელმა გვითხრა, ბიძინა ივანიშვილი მოდისო და ჩვენით წამოვედით“, – აცხადებენ ბავშვები.
ყარაჯალას შემდეგ, დაანონსებული იყო, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩევლებს თელავში, ერეკლეს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა შეხვედროდა. დილიდანვე თელავში „ქართული ოცნების“ აქტივისტები მოქალაქეებს საყვირებით აფრთხილებდნენ, რომ თელავში პრემიერ – მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩასულიყო. 14:00 საათისთვის, „ქართუ ბანკის“ თელავის ფილიალის წინ, კახეთის სხვადასხვა რაიონებიდან მარშუტკებით ჩამოყვანილმა მოქალაქეებმა დაიწყეს შეკრება, მათ შორის იყვნენ საჯარო სკოლების პედაგოგები.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ახმეტიდან, გურჯაანიდან, ყვარლიდან, სიღნაღიდან, ლაგოდეხიდან და კახეთის სხვა რაიონებიდან მასწავლებლები თელავში „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციების ორგანიზებით ჩავიდნენ. პრემიერის და პრეზიდენტობის კანდიდატის დასახვედრად, თითო სკოლიდან 10 – 15 მასწავლებელი წაიყვანეს.
იგივე მოხდა 22 აგვისტოს, ყვარელში გამართულ შეხვედრაზე, როცა „ქართული ოცნების“ მაისურებში გამოწყობილი ბავშვები „გი–ორ–გი, გი–ორ–გის“ სკანდირებდნენ.
9 სექტემბერს კი ველისციხეში, გურჯაანსა და საგარეჯოში გამართულ შეხვედრაზე კვლავ შეინიშნებოდა ბავშვებისა და მასწავლებლების სიმრავლე.
გიორგი მარგველაშვილმა, კი აღნიშნული ფაქტი შემთხვევითობას დაუკავშირა. „თუ ეს მოხდა, ვიღაცის მიერ ორგანიზებულად, ეს უნდა იყოს ხაზგასმული და მეტად ასეთი რამე აღარ მოხდეს. ის, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ სტრუქტურებში ასეთი აზროვნება არ არის, ამის გარანტიას გაძლევთ. მაგრამ ამ ეტაპზე ეს კონკრეტული შემთხვევა შესწავლილი არ არის“, –აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.