შსს ტყუილში ამხილეს? - მობილურ ოპერატორებს, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადამცემები არ აქვთ

  15:51:21     03-10-2013

საქართველოს საოკუპაციო საზღვართან მიმდინარე მცოცავი ოკუპაცია და პრემიერ–მინისტრის მიერ დატუქსული ჟურნალისტების თემა დღეს „ჯიჰადის“ გახსნილი საქმით გადაიფარა.

ბოლო რამოდენიმე საათია პოლიტიკოსები და ექსპერტები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გაკეთებული განცხადების ტყუილ-მართალზე დაობენ. ოპოზიციას არ სჯერა, რომ 24 წლის  სამარ  ჩუკუტევი რამოდენიმე თვის წინ გავრცელებული მუქარის შემცველი ვიდეოს ავტორია. საზოგადოება კი შს სამინისტროგან უფრო დამაჯერებელ პასუხს ითხოვს.

უპასუხოდ დარჩა კითხვა, თუ სად იყიდა ქართული მობილური ოპერატორების ინტერნეტ მოდემები ბრალდებულმა. უცნობია როდის გადმოკვეთა ჩუკუტევმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია, ვის შეხვდა და სად დაბინავდა? აღსანიშნავია, რომ მობილური ოპერატორების ინტერნეტ-მოდემების შეძენა მხოლოდ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა შესაძლებელი.

ამასთან, როგორც გაირკვა, საქართველოში არსებულ მობილურ ოპერატორებს  აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადამცემები არ აქვთ. "ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე "ბილაინით" სარგებლობა შეუძლებელია. "მაგთიკომში" კი განმარტავენ, რომ საქართველოს კანონმდებლობით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბიზნესის წარმოება ეკრძალებათ.

ზემოთაღნიშნული ფიჭური კომპანიების მსგავსად,  "ჯეოსელშიც“ აცხადებენ, რომ მათი გადამცემი ოკუპირებულ რეგიონში არ დგას. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ჯიუტად აცხადებს, რომ  სამარ ჩოკუტაევმა ქართული GSM ოპერატორების ("მაგთიკომი", "ჯეოსელი", "მობიტელი") USB ინტერნეტ-მოდემები გამოიყენა.

მათი თქმით, აფხაზეთის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდება საქართველოში მოქმედი სამივე GSM ოპერატორის სიხშირე.

რაც შეეხება ექსპერტებს. ექსპერტი ვახტანგ მაისაია ჯიჰადის ვიდეოს უკან  ქართულ კვალის არსებობს არ გამორიცხავს.

 "დაუდგენელია შემკვეთი. ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი შემსრულებელი მისი ბეგრაუნდით და წარმომავლობით. ამ ადამიანებზე გავიდნენ კონკრეტული მეკავშირეები, რა ძალები დგანან მის უკან, გაურკვეველია. ჩანს ქართული კვალის ეფექტი, რაც შეიძლება ფიქსრდებოდეს ლოკალურად. ანუ, ვინ მიაწოდა ამ ადამიანს ქართული კომპანიების ჩამონათვალი. ლოკალურ დონეზე, წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ქართული კვალის მომენტები იკვეთება", - აცხადებს მაისაია.