აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს ბარიერების მოშლისკენ მოუწოდებს

  10:50:49     03-10-2013

ევროკავშირისა და ნატოს შეშფოთებას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც შეუერთდა.

როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან რუსი სამხედროების მიერ ღობეებისა და სხვა ფიზიკური ბარიერების აღმართვა არ შეესაბამება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებსა და არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"ეს პროცესი არ შეესაბამება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებსა და არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე, ზიანს აყენებს ორ მხარეს შორის ნდობას, სირთულეებს უქმნის საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს. მოვუწოდებთ რუსეთს, მოშალოს ღობეები და საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხებით ჟენევის მოლაპარაკებებზე გამოვიდეს", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარი ჰარფმა.