პრემიერი და მოუთვინიერებელი "მეოთხე ხელისუფლება" - ჟურნალისტების გაკვეთილი ივანიშვილს

  16:58:32     02-10-2013

საქართველოში, პოლიტიკური კლიმატის კარდინალური ცვლილებების შემდეგ, ზუსტად ერთი წელი გავიდა. ამ ერთ წელიწადში ვნებები და ემოციები დაცხრა, ბევრი რამ გადაფასდა, საზოგადოებამ მთელ რიგ მოვლენებს, პროცესებს და ფაქტებს ახლებურად შეხედა. დღევანდელი გადასახედიდან, შარშანდელი ვნებათაღელვა ხან მეტად კურიოზულადაც კი მოჩანს, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ სახელმწიფოს სათავეში მოსული ახალი ძალა, ფაქტობრივად, ყველა სფეროში სრული კოლაფსის წინაშე აღმოჩნდა.

გასულ წელს, დაახლოებით ამ დროს, მედიაში პირველი გამოჩენისას, აღელვებულმა და დაბნეულმა მილიარდერმა საქართველოს მოსახლეობას, მისი გამარჯვების შემთხვევაში, „საოცარი დემოკრატიის“ დამყარება შესთავაზა. „ევროპის გამაოცებელი დემოკრატია“, ისევე როგორც პრემიერის და მისი იდეოლოგიურად ჭრელი პოლიტიკური ძალის აბსტრაქტული დაპირებები კი, სადღაც ჰორიზონტს მიღმა დარჩა, აბტრაქციაში დარჩენის სრული პერსპექტივით.

რა რეალობის წინაშე ვდგავართ ახლა? ღარიბი ქვეყნის მილიარდერი პრემიერი, საკუთარი სახლიდან გამოსვლასაც არ კადრულობს და შუა საუკუნეების აღმოსავლელი სულთნის მსგავსად, თავის სრა–სასახლეში პერიოდულად იბარებს: ექსპერტებს, ჟურნალისტებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, უცხოელ სტუმრებს და ასე შემდეგ, რათა კამერების თვალწინ ან მათ მიღმა ჭკუა დაარიგოს, გაკიცხოს, დაემუქროს, ასწავლოს, უბრძანოს და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, ძველი ოლიგარქიული ჩვეულებების დავიწყება არც ისე ადვილი ყოფილა. პრემიერისთვის საქართველო მისი მორიგი ბიზნესია, სადაც მართვის წესებს მთელ საზოგადოებას ის კარნახობს და ერთპირვნული ტირანის თავგამოდებით, ამავე საზოგადოებისაგან მონურ მორჩილებას მოითხოვს.

დღევანდელ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით, ბევრი სხვადასხვა ტერმინი გამოიყენა. მათ შორის: დილეტანტები, უვიცები, ფოსტალიონები და ასე შემდეგ. „ასწავლა“ მათ, რა კითხვები უნდა დასვან, როგორ, რანაირად, რათა მისი მოწონების ფორმატში ჩაჯდეს. როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობის მეთაურისათვის ჟურნალისტიკა მხოლოდ იმ კრიტერიუმებში უნდა მოთავსდეს, რაც მას კომფორტს უქმნის. სხვა დანარჩენი კი, ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე, კატეგორიულად მიუღებელია.

როგორც ერთ–ერთმა ჟურნალისტმა განაცხადა, ივანიშვილს სურს, საზოგადოება აღზარდოს. ის მართლაც მოსვლის პირველივე დღიდან ამ ამბიციას ეთამაშება. საქართველოს გადამრჩენლის მისიაში დარწმუნებული პრემიერი მთელი ქართული საზოგადოების თავის ჭკუაზე გადაყვანას ცდილობს. სწორედ ამიტომაც არის, რომ მან საკუთარი ამომრჩეველიც კი არ დაინდო, როცა საპრეზიდენტო კანდიდატად ყველასათვის აბსოლუტურად მიუღებელი, არარეიტინგული ფიგურა, გიორგი მარგველაშვილი წარადგინა.

ბიძინა ივანიშვილი სრულიად დარწმუნებულია, რომ რაც არ უნდა არასასურველი იყოს საზოგადოებისათვის მისი გადაგმული ნაბიჯები, საზოგადოება მას მაინც ბრმა, მონური მორჩილებითგაჰყვება და არანაირი პროტესტის გრძნობა არ გაუჩნდება, რადგან ეს საზოგადოება მასთან ვალშია, თუმცა, მისი ეს წარმოდგენა რეალობისგან საკმაოდ შორს რომ არის, ამის ნათელი მაგალითი დღევანდელი შეხვედრაც იყო, სადაც პრემიერი აშკარად დააბნია ჟურნალისტების შემტევმა პოზიციამ. როგორც ჩანს, ის ექსპერტებთან შეხვედრის მერე, სრულიად დარწმუნებული იყო, რომ მედიასთანაც იმავე ტონალობაში საუბარი გამოუვიდოდა, მაგრამ პრემიერი, რომელიც ჟურნალისტიკას, ფაქტობრივად, არ იცნობს, ამჯერად მწარედ შეცდა. "მეოთხე ხელისუფლების" მოთვინიერება თვით მისი დიადი შესაძლებლობების ფარგლებსაც კი ცდება.

თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად მოასწრებს ბიძინა ივანიშვილი ამ გაკვეთილის მიღებას და გააზრებას მანამდე, ვიდრე ის დიდი პოლიტიკიდან უკანმოუხედავად გაიქცევა და მილიარდერი ინტროვერტის ჩაკეტილ, ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება მშობლიურ სოფელში, რომელიც მას ასე ძალიან მოსწონს. ხოლო ივანიშვილის გარეშე დარჩენილ დიდ პოლიტიკაში რა მოხდება მას მერე, ამის პროგნოზი უკვვე არც ისე რთულია.