ადეიშვილი: ბრალდებები, რაც ისმოდა მაშინდელი ოპოზიციის მხრიდან, დღეს აღარავის ახსოვს

  12:55:00     02-10-2013

„მონოპოლიები, მაღალი ფასები, კარტელური გარიგებები და სხვა ბრალდებები ,რაც ისმოდა მაშინდელი ოპოზიციის და ახალი ხელისუფლების მხრიდან, დღეს აღარავის ახსოვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ უსაფუძვლო ბრალდებებმა დიდი როლი ითამაშა საზოგადოების გარკვეული ჯგუფის აზრის ჩამოყალიბებაში და პირდაპირ ვიტყვი, ამომრჩევლის მოსატყუებლად კარგად გამოიყენა” ქართულმა ოცნებამ“,- ამ განცხადების ავტორი  იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილია.

„პრესა.ჯი“ ადეიშვილის სახელით სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას გთავაზობთ:

„ორიოდე სიტყვა ეკონომიკის სფეროზე. დღეს ზურა მელიქიშვილმა საფუძვლიანი და კომპეტენტური ანალიზი წარმოადგინა ეკონომიკურ ზრდაზე, საბიუჯეტო შემოსავლებზე და დასაქმებაზე. ამ შემთხვევაში მე ახალ ხელისუფლებას და მათ მხარდამჭერებს მივიწყებულ, თუმცა მათი ოპოზიციაში ყოფნის დროს აქტუალურ თემას გავახსენებ. მონოპოლიები, მაღალი ფასები, კარტელური გარიგებები და სხვა ბრალდებები რაც ისმოდა მაშინდელი ოპოზიციის და ახალი ხელისუფლების მხრიდან. ეს ბრალდებები თითქოს დღეს აღარავის ახსოვს, მაგრამ სამწუხაროდ ამ უსაფუძვლო ბრალდებებმა დიდი როლი ითამაშა საზოგადოების გარკვეული ჯგუფის აზრის ჩამოყალიბებაში და პირდაპირ ვიტყვი ამომრჩევლის მოსატყუებლად კარგად გამოიყენა ქართულმა ოცნებამ, უფრო მეტიც მაშინდელი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა და მოაზროვნემ ბატონმა იზორიამ სასაცილო დიაგრამებიც კი წარმოადგინა იმაზე რომ საწვავის ფასი ხელოვნურად იყო რეგულირებული. შსს-ს მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შემდგომ კი თავი ვალდებულად არ ჩათვალა გაეცა პასუხი, როდესაც საზოგადოებამ მოთხოვა აეხსნა რატომ არ გაიაფდა საწვავის ფასი ახალი ხელისუფლების პირობებში. სად არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც აქტიურად საუბრობდა ანტიმონოპოლიური სამსახურის აუცილებლობაზე? გაგახსენებთ, რომ 2012 წლის 22 ნოემბერს პრემიერმა თქვა რომ შეიქმნებოდა ანტი-მონოპოლიური სამსახური, რეალურად სამსახური 2013 წლის პირველი კვარტლის ბოლოს უნდა ამოქმედებულიყო რა რიცხვია დღეს? სამსახურის მუშაობის სქემა მოკლედ ასეთია. მან უნდა შეისწავლოს სავარაუდო კარტელური გარიგებები, გამოავლინოს და საქმე სასამართლოს გადასცეს, ხელმძღვანელს ნიშნავს პრემიერი და სამსახური ანგარიშვალდებულია მთავრობასთან. სად არის გამოვლენილი კარტელური გარიგებები ენერგომატარებლების ბაზარზე? რატომ ვერ შეძლეს ფასების შემცირება? რატომ მოყვა ფასების უმნიშვნელო შემცირებას ხარისხის გაფუჭება? თუ საჭიროა კიდევ ბევრი კითხვის დასმა შემიძლია ქართული პრესის გამოცემებს რომ უყვართ იმ სტილში.

დაუჯერებელია რომ ამდენი ხნის განმავლობაში სამსახურის ფუნქციების განსაზღვრა და საკანონმდებლო ბაზის დახვეწა ვერ მოახერხეს. პოლიტიკური ნება რომ ყოფილიყო უფრო ადრეც მოხდებოდა ეს ყველაფერი და 2013 წლის პირველ ნახევარში სამსახური იფუნქციონირებდა. ამას ქართული ოცნების ამომრჩეველის ემხრობოდა. მაგრამ, ნახეს რეალობა რომ იქ სადაც ნაციონალების წილებს და კარტელურ გარიგებებს ეძებდნენ დახვდათ კონკურენტული ბიზნეს გარემო და ბუნებრივია ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნა იქნებოდა ისედაც დაცემული ეკონომიკისთვის კიდევ ერთი საწნეხი მანქანა გამყარებული საკანონმდებლო ბაზით. ახლა ბიზნესში ისეთი უძრაობაა, რომ 2014 წელს კარტელური გარიგებებს იქეთ მიესალმებიან ოღონდაც ბიზნესი ამუშავდეს და სამუშაო ადგილები შეიქმნას. ამის გახსენება მინდოდა ორი სიტყვით, მაგრამ ჩემზე მეტად ეს თემა იმ მოტყუებული ამომრჩევლისთვის უნდა იყოს აქტუალური ვინც ბენზინის ფასებში ნაციონალების წილებს ეძებდა“.