
ივანიშვილი ჟურნალისტებზე: ალეკო ელისაშვილს გამოვარჩევ, მერაბ მეტრეველი კი ჯერ „იზრდება“
12:08:21     02-10-2013
ჟურნალიტებსა და პრემიერს შორის შეხვედრაზე დაწყებული კამათი ამ წუთებშიც გრძელდება. ბიძინა ივანიშვილი ქართველ ჟურნალისტებს პროფესიონალიზმს უწუნებს. მან ალეკო ელისაშვილს და მერაბ მეტრეველს მოუწოდა, „მოვლენების უფრო ღრმა შესწავლა შეძლონ“.
როგორც მან დღეს ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურების ხელმძღვანელებთან და თოქ–შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა, ალეკო ელისაშვილს გამოარჩევს, მერაბ მეტრეველი კი ჯერ „იზრდება“.
შეხვედრაზე პრემიერმა გადაცემა „ღია ეთერის“ წამყვანი, ვახო სანაიაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მან სწორი კითხვების დასმა არ იცის. ივანიშვილმა შეხვედრაზე ციტატა მოიყვანა, და განაცხადა, რომ გადაცემის წამყვანს აქცენტი იმაზე არ გაუკეთებია, თუ როდის დაიწყო კონფლიქტის ზონასთან მავთულხლართების გაბმა.
ივანიშვილის ბრალდებას სანაიას არგუმენტირებული პასუხი მოჰყვა.
ვახო სანაია: „თქვენ მოიყვანეთ ჩემი გადაცემიდან ციტატა. ყოველთვის ითხოვთ არგუმენტირებას. მე რომ თქვენი ვრცელი გამოსვლიდან რაღაც კონტექსტი ამოვგლიჯო და ასე მივაწოდო საზოგადოებას, რა რეაქცია გექნებათ? მე წავიყვანე ეს გადაცემა და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ის, რაც ახლა წაიკითხეთ, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. გადაცემაში არაერთხელ იყო ნათქვამი, რომ საოკუპაციო ხაზთან 2009 წლიდან დაიწყო მავთულხლართების გაბმა“, - მიმართა სანაიამ ბიძინა ივანიშვილს.
ამის შემდეგ ივანიშვილი იძულებული გახდა განეცხადებინა, რომ ის აღნიშნულს გადაამოწმებს და თუკი დადასტურდება, რომ კონტექსტი დაცული არ იყო, ბოდიშს მოიხდის.
ჟურნალისტმა ალეკო ელისაშვილმა კი პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, ნუ ასწავლის, როგორ წაიყვანოს გადაცემა. ეს რეაქცია ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას მოჰყვა. პრემიერმა ელისაშვილს მოსთხოვა განემარტა კითხვა – არის თუ არა პრემიერის პოლიტიკიდან წასვლა გაქცევა?
აღნიშნულთან დაკავშირებით, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ამაზე თავად მისი გუნდის წევრები, მათ შორის მამუკა არეშიძე საუბრობს და მან მხოლოდ კითხვა დასვა.
„მამუკა არეშიძე არ არის ჩემი თანაგუნდელი. ის იყო ჩემს გუნდში ოდესღაც. ის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს და მან წააგო ეს არჩევნები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ მისი ბრალეულობაა ამაში. თუ ყველა ჩემი გუნდელი მაგინებს, ყველამ უნდა მაგინოს? ასე წარმოგიდგენიათ? ან არაკორექტულ გამონათქვამს თუ ამბობს, ეს გაძლევთ იმის საშუალებას, რომ იგივე გამოიყენოთ? არაა ისე, რომ ჩემმა ორმა ან სამმა თანაგუნდელმა რაიმე თქვას და იგივე გაიმეოროთ. კითხვაში, ჰგავს თუ არა ივანიშვილის წასვლა გაქცევას, ამაში პოზიცია ფიქსირდება“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
ინგა გრიგოლიას პროტესტი კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც მან ქართველ ჟურნალისტებს “ფოსტალიონები” უწოდა.
პრემიერმა ინგა გრიგოლიასთან პოლემიკის დროს, რომელიც დვანში მიმდინარე პროცესებს და ამ მხრივ ხელისუფლების პასიურობას შეეხებოდა, განაცხადა:
„თქვენ არ ხართ ფოსტალიონები! თქვენ, ჟურნალისტებმა მიღებული ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ, გააანალიზითო. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ერთი–ერთზე არ უნდა გადააწოდოთ. ერთი-ერთზე თუ აწვდით, მაშინ ეს ფოსტალიონობაა, წერილის გაგზავნაა“, – განაცხადა პრემიერმა.
გრიგოლიამ კი პრემიერს ურჩია, მისთვის ასე არ მიემართა.
„მე არ ვთვლი, რომ ფოსტალიონი ვარ და სასიამოვნო ნამდვილად არაა, როცა პრემიერი ჟურნალისტებს „ფოსტალიონებს“ უწოდებს“.