ღარიბაშვილი: "ჯიჰადის" საქმე უკვე ერთი თვეა გახსნილია

  17:36:48     01-10-2013

თალიბების სახელით ინტერნეტ–სივრცეში გავრცელებული ვიდეომასალის საქმე, უკვე ერთი თვეა, გახსნილია. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებასა და მედიას ხუთშაბათს ეცნობება. დაკავებულია ერთი პირი. 

პირს, რომელმაც ჯიჰადის სახელით ვიდეოები გაავრცელა, წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული,   - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გიორგობიანის განმარტებით, აღნიშნულ პირს სასამართლოს მიერ პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს. "ჯიჰადის სახელით გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებული საქმე უკვე გახსნილია. დადგენილია ისიც, ვინც ეს ჩაიდინა და სასამართლოს მეშვეობით  პატიმრობა უკვე შეეფარდა. საქმესთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს საზოგადოება ხუთშაბათს შეიტყობს", - აღნიშნა გიორგობიანმა. მისივე განმარტებით, საქმე დიდი ხანია, გახსნილია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხმაურდებოდა.

როგორც ცნობილია, 6 ივნისს, Youtube-ზე თალიბების სახელით გავრცელდა ვიდეო, სახელწოდებით – "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ". ვიდეო ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მუქარას შეიცავს და მასში ქართველი ჯარისკაცები არიან ნაჩვენები.