შეიარაღებული თავდასხმა ხობში - დაღუპულია ერთი ადამიანი

  11:00:32     01-10-2013

ხობის რაიონში ქარჩავების ოჯახზე განხრციელებული ყაჩაღური თავდასხმა მსხვერპლით დასრულდა.

როგორც „პრესა.ჯი“-ს სამეგრელოდან აცნობეს, სოფელ თორსა დღვაბში მცხოვრებ ქარჩავების ოჯახს თავს სამი ნიღბიანი დაესხა.

თავდასხმისას ოჯახში მოხუცი ცოლ-ქმარი, მათი შვილი და მეზობელი ქალი იმყოფებოდნენ.

ქარჩავების მონაყოლიდან ირკვევა, რომ ბოროტმოქმედებმა დაზარალებულების სახლში მოტყუებით შეაღწიეს.  ყაჩაღებმა სამზარეულოში მყოფ ქალბატონებს  უთხრეს, რომ მათ მოსდევდნენ და საჭმელი ითხოვეს.

დიასახლისმა ბოროტმოქმედებს არ დაუჯერა და მძინარე მეუღლის გაღვიძებას კივილით შეეცადა.

ხმაურზე ოჯახის უფროსმა გაიღვიძა და კარი შიგნიდან ჩაკეტა. თავდამსხმელების მოთხოვნის მიუხედავად, მან კარი არ გააღაო და სანადირო თოფიდან ისროლა, რასაც ბოროტმოქმედების მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა და მოხუცი  მხარში დაიჭრა. რის შემდეგაც თავდამსხმელებმა ოჯახის ყველა წევრი დააბეს, სეიფიდან კი 2500 დოლარი და ოქროს ბეჭედი წაიღეს.

ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, ქარჩავებთან ბოროტმოქმედები საათზე მეტ ხანს გაჩერდნენ. ამასობაში კი მძიმედ დაჭრილი ოჯახის უფროს სისხლისგან დაიცალა.  ის საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

„პრესა.ჯი“ შს სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა, ღარიბაშვილის უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშრებით გამოძება უკვე დაიწყო.

ბოროტმოქმედები კი დაკავებულები არ არიან.