სააკაშვილი მზადაა, ივანიშვილთან ერთად გადაუფრინოს იმ მშენებლობებს, რომელიც ახალი მთავრობის პირობებში შეჩერებულია

  20:11:50     30-09-2013

"მე მზად ვარ პრემიერთან ერთად თბილისის აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან, რომლის მშენებლობა მან შეაჩერა, ავფრინდე იმ ფრანგული ვერტმფრენებით, რომლის გაყიდვა და საქართველოდან მოშორება სურს, გადავუფრინოთ ასევე თბილისის შემოვლით რკინიგზას, რომელიც მისი განკარგულებით შეჩერდა და დაინახოს, რა მასშტაბის სამუშაოებია გაკეთებული”,- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.

პრეზიდენტი  თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციაზე პრემიერის მიერ ანაკლიის პორტის მშენებლობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა,  რომ  კარგი იქნებოდა მთავრობას მიეწოდებოდეს ინფორმაცია, მთავრობა და მთავრობის თავმჯდომარე დადიოდეს და საკუთარი თვალით ხედავდეს რაღაცეებს.

„გადავუფრინოთ ქუთაისს და ვაჩვენოთ პარლამენტის მნიშვნელობა, რომ არ გადმოიტანოს თბილისში. გადავუფრინოთ წყალტუბოს, ნახოს რას ვაკეთებდით, გადავუფრინოთ თეთნულდის კურორტს მესტიაში, სადაც გვირაბი უნდა გაკეთებულიყო, შემოვუფრინოთ ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომელიც მისი განკარგულებით შეჩერდა და შემდეგ მზად ვარ, ჩავიყვანო ანაკლიაში, გადავუფრინოთ ანაკლიას, დავჯდეთ და ადგილზე ვანახო, რომ ანაკლია და ლაზიკა ეს არის ერთი და იგივე გეოგრაფიული დასახელება. ამას სიამოვნებით გავაკეთებ, თუ ბატონი პრემიერი დათანხმდება, რომ კაბინეტიდან და სახლიდან გამოვა და ერთხელ მაინც მოივლის ყველა გაჩერებულ მშენებლობას, იქნებ გული აუჩუყდეს და თავის ამ გადაწყვეტილებებს, მშენებლობების შეჩერების შესახებ, გადახედოს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.