„ზონანიუსი“: ღამის კლუბ „სენატში“, ორმხრივი სროლის შედეგად, სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა

  17:12:39     30-09-2013

“ზონა news“ - ის ინფორმაციით, წუხელ ღამით ორმხრივი სროლა მოხდა ღამის კლუბ „სენატში“. გამოცემა წერს, რომ შემთხვევის ადგილზე სისხლის გუბეები იდგა, ადგილზე კი შს სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფები იყო მობილიზებული.

“ზონა news“ - ის თვითმხილველთა ჩანაწერსაც ავრცელებს, სადაც წყარო ყვება, რომ ჩხუბი სხვადასხვა სუფრის წევრებს შორის მოხდა, რასაც მალევე ორმხრივი სროლა მოყვა.

დაპირისპირებული მხარეების  გაშველება კლუბის დაცვის თანამშრომლებმა სცადეს, თუმცა უშედეგოდ და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება მათაც მოუხდათ. აღსანიშნავია, რომ კლუბში ცეცხლსასროლის იარაღის შეტანა აკრძალულია. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბის მონაწილეები კლუბში VIP სტატუსით იმყოფებოდნენ და ისინი შესვლისას არავის გაუჩხრეკია.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, ღარიბაშვილის უწყება შეიარაღებული დაპირისპირების ფაქტს არ ადასტურებს. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, რესტორანში ორი სუფრის წევრებს შორის შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც დაპირპისრებული მხარეები ქუჩაში გავიდნენ, სადაც ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

შსს-ს პრესსამსახური ადგილზე ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ სიტუაციის განმუხტვა დაცვამ შეძლო, რომელმაც პნევმატული იარაღიდან გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა. ადგილზე გამოძახებული იქნა საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობდა დაზარალებული მხარე და ამასათან საჩივრით არცერთ მხარეს სამართალდაცმველებისთვიის არ მიუმართავს, დაკავებული არავინ არის.