
როგორ ერთობა მთავრობა: „ოცნების“ ხელისუფლების კურიოზული ინიციატივები და გადაწყვეტილებები
15:36:46     30-09-2013
„ქართული ოცნების“ უმრავლესობით დაკომპლექტებულ პალამენტში დეპუტატები ხშირად გვთავაზობენ მოსახლეობისთვის გაურკვეველ და ხშირ შემთხვევაში კურიოზულ კანონპროექტებს.
„პრესა.ჯი“ დაინტერესდა მოსახლეობისგან მიეღო პასუხი, ვის რომელი კანონპროექტი ეჩვენა სასაცილოდ ან რომელმა დეპუტატმა წარმოადგინა მათთვის მიუღებელი ინიციატივა.
აღმოჩნდა, რომ ყველაზე კომიკურ კანონპროექტად ამ დრომდე „ბუსუსებიანი პრეზერვატივის“ გამოყენების აკრძალვა რჩება.
ჩვენ რესპოდენტებს კარგად ახსოვთ სიტუაცია, როგორ განიხილავენ კობა დავითაშვილი და ლევან ბერძენიშვილი პრეზერვატივის სახეობებს.
"პრეზერვატივს გააჩნია, მას შეიძლება ჰქონდეს არა დაცვითი, არამედ სიამოვნების მიღების საშუალებაც, თუ იგი გართულებულია გარკვეული ტექნიკური საშუალებებით", - ამბობდა ლევან ბერძენიშვილი.
"არსებობს ორი სახის პრეზერვატივი, ერთი დაცვისთვის და მეორეს აქვს სექსუალური სურვილის დაკმაყოფილების ფუნქცია. აი, სწორედ ის ვერ გაიყიდება და ესეთი გაიყიდება", - განიხილავდა დავითაშვილი "პრეზერვატივის" სახეობებს.
ყველაზე პარადოქსი კი ის აღმოჩნდა, რომ რეალურად რის აკრძალვას აპირებდნენ და რისგან იცავდნენ არასრულწლოვანებს, ამის თქმა კანონპროექტის დამცველებსაც გაუჭირდათ. ცნობისთვის, აღნიშნული ინიციატივის ავტორი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი თამთა ჭუმბურიძეა.
რაც შეეხება რიგით მეორე კურიოზულ და ამავე დროს მიუღებელ საკანონმდებლო ინიციატივას, ეს კობა დავითაშვილის წინადადება აღმოჩნდა.
სუსტი სქესის რესპოდენტები აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატმა არასტრატეგიული გათვლა გააკეთა, როცა სერიალების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა.
დავითაშვილის ინიციატივის თანახმად, სერიოზულად უნდა შეიზღუდოს ისეთი ტიპის პროდუქციის დემონსტრირება, რომელიც პროპაგანდას უწევს ძალადობას, ჰომოსექსუალურ, ბისექსუალურ და პოლიგამიურ კავშირებს.
როგორც კობა დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა მზადაა. დეპუტატის თქმით, მსგავსი ტიპის პროდუქციის ერთ-ერთი წარმოჩინების გზა არის სატელევიზიო სერიალები.
"მე მიმაჩნია, რომ იმ უწყინარ სერიალებში, რომელიც ჩვენი ახალგაზრდობის ძირითადი სულიერი საზრდოა, ჩვეულებრივად მიდის წარმოჩენა იმისა, რომ ოჯახის წევრებს შორის ყველაფერი "მოსულა", ყველაფერი დაშვებული და ნებადართულია. ბავშვები ამ ყველაფერს ისრუტავენ, ეს არ არის სასაცილო თემა. არ მინდა, საქართველო იყოს ბრაზილია, იმ ქვეყანას თავისი კულტურა აქვს, საქართველოს კი - თავისი", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.
დეპუტატებმა არანაკლებ ხმაურითა და სიცილ-კისკისით განიხილეს "საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნის" მნიშვნელობის დაკონკრეტების საკითხი.
კანონის თანახმად, "საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოების ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება", რაც თავის მხრივ ისეთ ქცევას გულისხმობს, რომელიც ადამიანის უპატივცემულობას გამოხატავს. ამაში კი იგულისხმება: სექსუალური ხასიათის ქცევა, საზოგადოებრივ ადგილებში სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.
დეპუტატები დაინტერესდნენ, ითვლება თუ არა, მაგალითად, კოცნა, სექსუალური ხასიათის ქცევად, რაზეც დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ შემდეგნაირად იხუმრა: "ისე, აქ ითქვა, კოცნასაც გააჩნიაო“.
საკანონმდებლო ორგანოში მორიგი დაპირისპირების საგანი "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილება გახდა.
განათლების და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, განსაკუთრებულად ნიჭიერი ახალგაზრდები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან, თუ მათ საერთაშორისო ოლიმპიადაში ან სახელოვნებო-შემოქმედებით კონკურსში უმაღლესი შეფასება აქვთ მიღებული.
კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ დადგინდება სასწავლო გრანტით დაფინანსების წესი, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განსაზღვრავს.
აღნიშნული ინიციატივა შეაფასა არასაპარლამენტო ოპოზციის ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა განათლების სისტემას დააბრუნებს ჭაობში და კორუფციაში, სადაც აბიტურეტის ჩარიცხვა კონკრეტული თანხა ჯდებოდა.
და ბოლოს ყველაზე გახმაურებული საკითხი ირინე იმერლიშვილისა და ზურაბ აბაშიძის საკანონმდებლო ინიციატივა გახდა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის საზღვრების დატოვება საქართველოს მოქალაქეს შეიძლება შეეზღუდოს „სახელმწიფო და/ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.
კანონს ბუნდოვანი და გაუმართლებელი უწოდეს არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა“-შიც.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ არადამაჯერებელია კანონპროექტის ინიციატორების დასაბუთება იმის თაობაზე, რომ, შემოთავაზებული ცვლილებით, კანონი შესაბამისობაში მოდის და აზუსტებს კონსტიტუციის 22-ე მუხლის ჩანაწერს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ დეპუტატების მიერ შემოთავაზებული ცვლილება ძალიან ზოგადია, კანონს უფრო ბუნდოვანს ხდის და არაფერს აზუსტებს.
მათივე თქმით, კანონში მსგავსი ცვლილება გამართლებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცვლილება შემოგვთავაზებდა კონკრეტულ მიზეზებს, რაც შეიძლება გახდეს ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვის საფუძველი.
“წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამის მოხელეს და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელს ენიჭება ზედმეტად ფართო დისკრეცია, რაც ქმნის ადამიანის უფლებების შეზღუდვის გაუმართლებელ რისკებს. მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია მოქალაქის თავისუფალი მიმოსვლისათვის დამატებითი ბარიერების შექმნა და საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვა შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის ნათელი სამართლებრივი ინსტრუქციის გარეშე.
კიდევ უფრო შემაშფოთებელია ინიციატორების ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ მოქალაქეს, რომლის ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვაც ხდება, არ მიეწოდება ინფორმაცია ამ უფლების შეზღუდვის მიზეზების შესახებ. განმარტებითი ბარათი ამბობს, რომ ასეთი შეზღუდვის შესახებ დასკვნა არის დროებითი და შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომლის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, შეზღუდვა გაუქმდება. გვსურს ცალსახად აღვნიშნოთ, რომ სახელწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზეზით მოქალაქის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის გადაწყვეტილების მისაღებად უნდა არსებობდეს მკაფიო სამართლებრივი საფუძველი”,–აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს ამგვარი ბუნდოვანი ნორმა კანონში, ვინაიდან სახელმწიფოს ისედაც გააჩნია მოქალაქეებისთვის ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვის შესაძლებლობა ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში.
“თუ ინიციატორების მიზანია, კანონი შესაბამისობაში მოვიდეს კონსტიტუციის 22-ე მუხლთან, მაშინ მიზანშეწონილია კანონის მუხლში მკაფიოდ ჩაიწეროს ყველა ის საფუძველი, რომლითაც მოქალაქეს შეიძლება შეეზღუდოს ქვეყნიდან გასვლა”,– აცხადებენ ორგანიზაციაში.