
გრანდიოზული პროექტები, რომლებიც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შეჩერდა
13:51:32     30-09-2013
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი თავდაცვაში გაჩერებულ ან გაუქმებულ ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალს აქვეყნებს.
„1. სამხედრო ქალაქის 7 ახალი კორპუსის მშენებლობა: ოთხი კორპუსის (შესრულებული იყო სამუშაოების 60%) დასამთავრებლად საჭირო იყო დაახლოებით 3.5 მილიონი ლარი, რომელიც გათვალისწინებული იყო ბიუჯეტის პროექტში და ჩაბარება დაგეგმილი იყო 2013 წლის მაისში. 3 კორპუსის (შესრულებული იყო სამუშაოების 15%) პროექტი და წინა სამუშაოები ასევე მზად იყო. დასრულების ვადა 2014 წლის გაზაფხული იყო. ამ 7 კორპუსის ჩაბარებით 2100 ოფიცერი, სერჟანტი და კაპრალი მიიღებდა ოროთახიან ბინებს.
2.ოფიცრებისთვის 4 აშენებული კორპუსის გადაცემა:- 2012 წლის სექტემბერ -ოქტომბერში ,პრეზიდენტის დავალებით და ჩემი ბრძანებით, 1000 ოფიცერს გადაეცა ბინები 4 დამთავრებულ კორპუსში. ოქტომბერში ახალმა მინისტრმა ეს ბრძანება გააჩერა და დღემდე ეს 4 კორპუსიც ცარიელია. სავარაუდოდ, ამ კორპუსებს გადასცემენ ოქტომბერში, ანუ 1 წლის დაგვიანებით.
3.ახალი სატრანსპორტო სერვის-ცენტრი:- 2011 წელს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო სერვის-ცენტრის მშენებლობა დაიწყო, ცენტრის, სადაც მოხდებოდა თავდაცვის სისტემის ყველა სატრანსპორტო საშუალების შეკეთება და მომსახურება. მშენებლობასა და დანადგარების შეძენაში ჩადებული იყო 4.5 მილიონი ლარი. სერვის-ცენტრი უნდა გახსნილიყო 2012 წლის დეკემბერში. დასამთავრებლად საჭირო იყო 1 მილიონი ლარი. ეს სერვის-ცენტრი თავდაცვის სისტემას მინიმუმ 40%-იან შეღავათს მისცემდა სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებისა და მომსახურების დროს.
4.თბილისის თავდაცვის წრე-საცეცხლე წერტილები: - თბილისის თავდაცვის წრის მშენებლობას, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ფუნდამენტური მნიშვნელობა ჰქონდა. სამხედრო ექსპერტების მოსაზრებით, ამ საიდუმლო ობიექტების მეშვეობით, შესაძლებელი იქნებოდა დედაქალაქის დაცვა მტრული სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო აგრესიისგან. ყველა სამუშაო გაჩერებულია.
5.კადეტთა კორპუსი წინამძღვრიანთკარში: - 2013 წლის სექტემბერში უნდა დაწყებულიყო სწავლა აღმოსავლეთ საქართველოს კადეტთა კორპუსში. პროექტის და დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის მიუხედავად, სარემონტო სამუშაოები არც დაწყებულა.
6.საცურაო აუზი სპეცდანიშნულების ძალების ბაზაზე:- სპეცდანიშნულების ძალების მოსამზადებლად, უმნიშვნელოვანესი იყო აუზის მშენებლობა. პროექტის და დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის მიუხედავად, სამშენებლო სამუშაოები არც დაწყებულა. პროექტით მშენებლობა უნდა დაწყებულიყო იანვარში და დამთავრებულიყო 2013 წლის აპრილში.
7.საცურაო აუზი მე-4 ბრიგადაში:- დაგეგმილი იყო საცურაო აუზის დასრულება, სულ საჭირო იყო 80 000 ლარი, რომელიც გათვალისწინებული იყო 2013 წლის ბიუჯეტის პროექტში.
8.სპეცდანიშნულების ბაზა კახეთში:- პროექტის და დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის მიუხედავად, სარემონტო სამუშაოები არ დაწყებულა. სპეცდანიშნულების ძალების რეინჯერთა ტრენინგისთვის საიდუმლო ობიექტის მოდერნიზების დაწყება იგეგმებოდა 2013 წლის იანვარში, რომელიც მარტში დასრულდებოდა.
9.კიბერ უსაფრთხოების სასერვეროს მშენებლობა:- 2013 წლის თებერვალში დაგეგმილი იყო ამიერკავკასიაში ყველაზე ძლიერი სასერვერო ბაზის შექმნა საქართველოს კიბერ უსაფრთხოებისთვის. მიუხედავად პროექტისა და შეფასების არსებობისა, უარი ითქვა ამ პროექტის განხორციელებაზე.
10.ახალი არსენალი:- არსებული ცენტრალური არსენალი არ იძლევა ტყვია-წამლის შენახვის თანამედროვე გარანტიებს. მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, 2012 წელს დაიწყო უმნიშვნელოვანესი საიდუმლო ობიექტის – ახალი ცენტრალური არსენალის მშენებლობა, რომელიც გაჩერდა 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ.
11.ახალი ჰოსპიტალი თბილისში: - 2013 წელს დაგეგმილი იყო თბილისში ტრანსპლანტოლოგიის და პროტეზირების ჰოსპიტალური ცენტრის გახსნა თბილისში. პროექტი გაუქმდა.
12.სერჟანტთა ახალი სკოლა: - 2013 წელს დამტკიცებული პროექტითა და ხარჯთაღრიცხვით, უნდა მომხდარიყო სერჟანტთა სკოლის სრული რეაბილიტაცია. ამჟამად პროექტი გაუქმებულია.
შაშკინი აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ ასევე გაუქმდა წვევამდელთა და რეზერვისტთა ელექტრონული ბაზის შექმნა; ამერიკული სატრანსპორტო ვერტმფრენების ჩამოყვანა; ანტისაჰაერო სისტემების ჩამოტანა აშშ-დან და გაურკვეველი ვადით გადადებული წოდებრივი ანაზღაურების (pay by rank) სისტემის ამოქმედება.
რაც შეეხება რეგიონში წინა წლებში დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებას, ამ მხრივ სამეგრელოს რეგიონი გამოირჩევა.
შეჩერდა ანაკლიაში დაწყებული მშენებლობები. ახალმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეს გააუქმა ლაზიკის პროექტი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მტკიცებით, რეგიონს ეკონომიკურად დამოუკიდებელს გახდიდა და ასობით ადგილობრივს დაასაქმებდა.
„ახლა მთავარია, რომ ის დიდი პროექტები, რომელიც სამეგრელოში უნდა განხორციელებულიყო, არავითარ შემთხვევაში არ გაიყინოს და შეჩერდეს. რადგან ასეთი მშენებლობები რამდენიმე ათას სამუშაო ადგილს ქმნის მარტო ზუგდიდის მოსახლეობისთვის. შარშან ამ დროსაც კი ანაკლიას ბევრი დამსვენებელი სტუმრობდა, წელს კი პარალიზებულია, რადგან მშენებლობები შეფერხდა და გარეშემო მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გაჩერდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდეს, რადგან მშენებლობას მოყვება ინვესტიციები და ახალი საწარმოები და სამუშაო ადგილები შეიქმნება,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ამ ზაფხულს ზუგდიდში სტუმრობისას.
მიხეილ სააკაშვილის კრიტიკა მხოლოდ ლაზიკის შეჩერების გამო არ დასტყდომია თავს პირადად ბიძინა ივანიშვილს. სააკაშვილი ივანიშვილს ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გაუქმებას ვერ პატიობს.
სააკაშვილის განცხადებით, 2012 წლის სექტემბერში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მთავარი შენობა მზად იყო და ამერიკელების მიერ ჩატარებულმა ტენდერმა გამოავლინა გამარჯვებული კონსორციუმი, რომელიც 2013 წელს უკვე გახსნიდა ამერიკულ უნივერსიტეტს და მიიღებდა პირველ სტუდენტებს. მნიშვნელოვანია, რომ ქართველებისთვის ეს უფასო იქნებოდა, რადგან მათ სწავლას ფონდი დააფინანსებდა.
პრეზიდენტის გარემოცვის ინფორმაციით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, გასცემდა ამერიკულ დიპლომს საქართველოში. ამ უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავდნენ საუკეთესო ამერიკელი და ქართველი პროფესორები. ამერიკელები დებდნენ 20 მილიონ დოლარს ლაბორატორიების შესაქმნელად, რომელიც რეგიონში საუკეთესო იქნებოდა. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სხვა ქართული უნივერსიტეტებისთვის ხარისხის ახალ სტანდარტს დააწესებდა. სასწავლებელი მოიზიდავდა ბევრ სტუდენტს რეგიონიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ირანიდან და ინდოეთიდან. თავად ამერიკელებმა დააფინანსეს და ჩაატარეს კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახდებოდა განათლების ცენტრი მთელი რეგიონისთვის, უნივერსიტეტი გააცოცხლებდა ბათუმს ზამთრის პერიოდში.
პირველ პირებს შორის სადაო საკითხთა შორის პარლამენტის ქუთაისიდან დედაქალაქში გადმოტანის საკითხი დღემდე არ ამოწურულა.
საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის იდეამ ბევრი პროექტის შეჩერება გამოიწვია.
"იმის გამო, რომ დღევანდელი რიტორიკით პარლამენტი არ უნდა დარჩეს აქ, ბევრი პროექტი, რომელიც პარლამენტის ფუნქციონირების შენარჩუნებას უკავშირდებოდა, დარჩა შეუსრულებელი. შეუსრულებელი დარჩა პროექტი, რომელიც უკავშირდებოდა წყალტუბოს. ეს პროექტი 2 ოქტომბერს გაჩერდა. შეუსრულებელი დარჩა ის პროექტი, რომლიც ეხებოდა სასტუმროების აშენებას, პარლამენტის წინ 21-სართულიანი სასტუმრო უნდა აშენებულიყო, რომელიც გაჩერდა. გაჩერდა რამდენიმე ტურისტული ობიექტი, გაჩერდა კომერციული განვითარება და ეს ყველაფერი იმ რიტორიკის გამო, რომ პარლამენტი ქუთაისში არ უნდა იყოს. პარლამენტი უნდა იყოს ქუთაისში, საქართველო დეცენტრალიზებული უნდა იყოს. ეს არის კარგი თბილისისთვის, ქუთაისისთვის და სრულიად საქართველოსთვის”-აღნიშნა სააკაშვილმა.
რაც შეეხება დედაქალაქს, პრემიერისა და პრეზიდენტის დაპირისპირების საგანი აქ ”თბილისის შემოვლითი რკინიგზის” პროექტის დაკონსერვება გახდა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა, დედაქალაქის მერ გიგი უგულავასთან ავჭალაში სტუმრობისას განაცხადა, პროექტის დაკონსერვების იდეა პირადად ივანიშვილს ეკუთვნის.
”მე არასდროს ვყოფილვარ ასეთი გაბრაზებული. ეს მართლა ყველა საზღვარს ცდება. ამ პროექტის 80% პრაქტიკულად დასრულებულია. ასობით მილიონი არის დახარჯული. მე მინდა, თბილისელებმა გაიგონ, რა არის ამ მშენებლობის არსი? რას ართმევენ თბილისს და თითოეულ თბილისელს? ეს პროექტი როგორც კი დასრულდება, თბილისში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდებოდა საცობები. მე არ მინახავს მსოფლიოში და არ ვიცი, არცერთი ავადმყოფი რეჟიმი, რომელიც ასეთ პროექტს გააჩერებდა - არც კომუნისტური, არც ფაშისტური, არც განვითარებული, არც განუვითარებელი; მართლა უნიკალურები ვართ ქართველები! მე მინდა მივმართო პრემიერმინისტრს, აზრზე მოვიდეს, იმიტომ რომ ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება. მართლა რას ნიშნავს ამის გაჩერება, მართლა ჭორვილას საცალფეხო ბილიკი ხომ არ ჰგონია ეს?! ეს არის თბილისის მომავალი და თბილისის გადარჩენის ერთადერთი გზა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების ყველაზე დიდი პროექტი”, - განაცხადა პრეზიდენტმა.