
ჰამერბერგი: მთავრობამ პოლიტიკური ანგარიშსწორება არ უნდა დაუშვას
12:19:50     30-09-2013
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, თომას ჰამერბერგის შეფასებით, მთავრობამ პოლიტიკური ანგარიშსწორება არ უნდა დაუშვას.
„კვირის პალიტრასთან“ საუბრისას ადამიანის უფლებათა კომისარი აღნიშნავს, რომ თუ ვინმე დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბრალი სამართლიანი და მიუკერძოებელი პროცესის შემდეგ დაუმტკიცდება.
თომას ჰამერბერგი: „საზოგადოების უკმაყოფილება სავსებით ბუნებრივია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საზოგადოების დაკვეთა სამართლიანობის ჭეშმარიტი აღდგენისგან, შესაძლოა, საკმაოდ შორს იდგეს. უმნიშვნელოვანესია, არ დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმპცია, მთავრობამ არ უნდა დაუშვას პოლიტიკური ანგარიშსწორება. თუ ვინმე დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბრალი სამართლიანი და მიუკერძოებელი პროცესის შემდეგ დაუმტკიცდება. თავიდან უნდა აიცილოთ საკითხის პოლიტიზება, რადგან ამით დაიმსახურებთ როგორც საკუთარი ხალხის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებრიობის უნდობლობას, - შეიქმნება აზრი, - ეს პირები იმიტომ კი არ დაისაჯნენ, რომ დააშავეს, არამედ იმიტომ, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას მიეკუთვნებიან”.
თომას ჰამერბერგის განცხადებით, პოლიტიკოსებმა დაპირებების შესრულება და საზოგადოების მოლოდინის გამართლება უნდა შეძლონ.
„ხალხმა უნდა გააცნობიეროს ისიც, რომ სიმართლის დადგენას დრო სჭირდება. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება ეს პროცესები "ქართული ოცნებისა" და პრემიერის რეპუტაციაზე, აშკარაა, მათთვის ერთადერთი გამოსავალია, ხალხს ყოველივე ეს აუხსნან.
თუმცა, ნამდვილად არ მშურს იმ ქართველი პოლიტიკოსებისა, რომელთაც საზოგადოებას ჯერ საქმის წასამართად საჭირო დროს სთხოვენ, შემდეგ კი აუწყებენ, რომ მათი მოლოდინი არ გამართლდა”, - განმარტავს ევროკომისარი.
ჰამერბერგი ფარული ჩანაწერების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სამომავლო პრევენციულ ზომებისთვის აუცილებელია სამართლებრივი ზომების გამკაცრება.
„სწორედ ეს იყო მორალური დილემა. სასწორის ერთ მხარეს იდო ადამიანების ღირსება, მეორე მხარეს კი აუცილებლობა, ამ უმსგავსობის ჩამდენებს პასუხი ეგოთ. კომისიას მივმართე რეკომენდაციით, დაენიშნა ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებიც გაეცნობოდნენ მასალებს და შეამოწმებდნენ, იყო თუ არა მათში რაიმე მტკიცებულება, რაც დამნაშავის აღმოჩენაში დაგვეხმარებოდა. განადგურებულ მასალებში ასეთი მტკიცებულება არ აღმოჩნდა.
რაც შეეხება სამომავლო პრევენციულ ზომებს, ვფიქრობ, აუცილებელია სამართლებრივი ზომების გამკაცრება. სერიოზულ დანაშაულად უნდა ჩაითვალოს არა მარტო ასეთი ჩანაწერების შეკვეთა-მომზადება, არამედ მათი შენახვაც. კიდევ ერთი რეგულაცია, რომელიც ჯერ კოდექსში არა გაქვთ, არადა, აუცილებელია - კანონი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სატელეფონო კომპანიებმა, რომელთაც თითოეული საუბრის ჩანაწერი აქვთ, ჩანაწერები აგენტებს, თუნდაც შს სამინისტროს, ყოველი ფეხის დაბაკუნებისთანავე არ გადასცენ“,- აღნიშნა მან.