
EPP: მარგველავილთან შეხვედრაზე გამოვთქვით შეშფოთება, იმის თაობაზე თუ როგორ ხდება მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში
15:48:14     24-09-2013
„შეხვედრაზე გამოვთქვით შეშფოთება, იმის თაობაზე თუ როგორ ხდება მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში”,- აღნიშნული განცხადება „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტმა გუნარ ჰოკმარკმა კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
”ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ყოველთვის მივესალმებით და ვხედავთ საქართველოს, როგორც ფართო ევროპული საზოგადოების ნაწილს. მეორე, ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება, იმის თაობაზე თუ როგორ ხდება მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში. ასევე, წამოვწიეთ ჩვენთვის საინტერესო სხვა საკითხებიც. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი წუხილი არ უნდა იყოს აღქმული დაბრკოლებად, რადგან გვინდა, რომ საქართველოში ნებისმიერმა ხელისუფლებამ აიცილოს თავიდან მსგავსი პრობლემები. გვსურს, რომ საქართველო იყოს თავისუფალი საზოგადოების ქვეყანა, სადაც არსებობს კანონის უზენაესობა და სწორედ ამიტომ ჩვენ წინ ვწევთ ამ საკითხებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნებისმიერმა ხელისუფლებამ მოუსმინოს და გაითვალისწინოს მათი საერთაშორისო მეგობრების რჩევები”, - განაცხადა ჰომარკმა.
ცნობილია, რომ დღეს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 27 ოქტომბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები განიხილეს, ასევე, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს.
„დღევანდელ შეხვედრაზე ხაზი გავუსვი ჩვენს იმედს, რომ ევროპელი პარტნიორები იქნებიან უაღრესად აქტიურები იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ხდება ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ დიცში და სხვა საზღვრისპირა რეგიონებში. ასევე, ვისაუბრეთ ჰუმანიტარული პრობლემების შესახებ, რაც იქ მცხოვრებლებს ექმნებათ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. შეხვედრაზე გავცვალეთ პოზიციები და შევთანხმდით რომ მომავალშიც გვექნება ინტენსიური დიალოგი,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.