12 საათზე მერაბიშვილის სასამართლო პროცესი იწყება

  10:12:22     12-09-2013

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი და ივანიშვილის პირადი პატიმარი, ვანო მერაბიშვილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეისთვის ჩანიშნულ წინასასამართლო სხდომას დაესწრება. ამის შესახებ მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა. მერაბიშვილი თბილისიდან ქუთაისში გაძლიერებული დაცვით, გამთენიისას გადაიყვანეს.

"ვანო მერაბიშვილი პროცესს დაესწრება. ამის სურვილი თავად ჰქონდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეს საეჭვო იყო, თუმცა გუშინ მითხრა, რომ სხდომაზე დასწრებას შეძლებს," – აღნიშნა ჩივიაშვილმა.

ადვოკატის განმარტებით, პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები იმ მტკიცებულებათა ნუსხას წარმოადგენენ, რომელთა გამოკვლევაც შემდგომში მოხდება, ამასთან სტანდარტულ შუამდგომლობებს დააყენებენ.

ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის სასასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათისთვის უნდა დაიწყოს. მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმე წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ "დასაქმების პროგრამას" უკავშირდება. თუმცა, ევროპელი და ამერიკელი ლიდერების განცხადებით მერაბიშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.