ზუგდიდში დღეს დაგეგმილ პროვოკაციაზე თენგიზ გუნავაც საუბრობს

  11:14:51     11-09-2013

"ქართული ოცნების" მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავაც. 

როგორმ გუნავამ „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას განაცხადა, მათ ხელში აღმოჩნდა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ ავალებს "ქართული ოცნების" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა გოგია, ორგანიზაცია "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთ დამფუძნებელს კახა მიქაიას აქტივისტების შეკრებასა და ბაქრაძის შეხვედრის ჩაშლას.

თენგიზ გუნავა: „ჩვენი ინფორმაციით გოგიამ მიქაიას დირექტივა მისცა, დღეს მხარდამჭერები ზუგდიდის მე-2-ე საჯარო სკოლასთან უნდა შეკრიბოს დაახლოებით 16:00 საათზე, რომ დავით ბაქრაძის მიერ 17:00 საათზე, ამომრჩეველთან დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალოს. ჩვენ, აუდიომასალა, სადაც ამ ადამიანების შეხვედრაა აღბეჭდილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე გადავეცით“.

გუბერნატრის ინფორმაციით, აღნიშნული პროვოკაცია თბილისიდან, კერძოდ კი, მთავარი პროკურორის მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის მიერ იმართება.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ყველაფრის უკან მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი დგას. მიქაია და ანთია მის სადღეგრძელოს სვამენ და გადამჩენელს ეძახიან“,- ამბობს გუნავა და იქვე დასძენს, რომ მიუხედავად პროვოკაციის მზადებისა, ბაქრაძესთან დაგეგმილი შეხვედრა მაინც გაიმართება.