სასწრაფოდ: ყოფილმა პატიმარმა მოხუცს თოფი ესროლა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა

  17:24:01     10-09-2013

ამნისტირებულმა პატიმარმა, 43 წლის ხვიჩა გორგოძემ ტყის მცველი, 68 წლის მამაკაცი ჯემალ სულაბერიძე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. 

შემთხვევა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ენთელში რამოდენიმე საათის წინ მოხდა.

როგორც „პრესა.ჯი“-ს ადგილობრივებმა აცნობეს, მკვლელმა ხანდაზმულს ჯერ თოფი ესროლა, შემდეგ ყელი გამოჭრა. მკვლელობა აბასთუმნის მახლობლად, კურცხანის ტყეში მოხდა. გარდაცვლილი 6 თვის განმავლობაში, ტყის მცველად მუშაობდა.

აღნიშნული ფაქტი „პრესა.ჯი“-ს ადიგენის გამგებლის მოავალეობის შემსრულებელმა არსენ ბალახაშვილმა დაუდასტურა.

„დიახ, მოხდა ეს შემზარავი ფაქტი. გარადცვლილი ტყის მცვლელი იყო. ამ ეტაპზე უცნობია მკვლელობის მოტივი“, - აცხადებს ბალახაშვილი.
მისი თქმით, მკვლელმა ციხე  გასულ წელს დატოვა. 

„ყოფილი პატიმარია, ერთი წელია რაც ციხე დატოვა“,- ამბობს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი.

როგორც „პრესა.ჯი“-ს მომხდარის კომენტირებისას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

რაც შეეხება ამნისტიის საკითხს, როგორც შსს-ში განმარტეს, დეტალების შესახებ განცხადება ეჭვმიტანილის დაკავების შემდეგ გაკეთდება. ამ ეტაპზე კი, შსს არ ადასტურებს რომ ეჭვმიტანილი ამნისტირებული პატიმარია. 

თუმცა, პოლიციისგან განსხვავებით, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, გარდაცვლილის ახლობლები და თანასოფლელები ამბობენ რომ მოხუცი ყოფილმა  პატიმარმა მოკლა. 

საქმე კი 108-ე მუხლით აღიძრა.