"მას ხიდაშელმა უთხრა - არ წახვიდე "რუსთავი 2"-ზე, ის წლის ბოლომდე აღარ იარსებებსო"

  16:30:42     06-09-2013

ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს თინა ხიდაშელს მოუწოდებს, "რუსთავი 2"-თან ბრძოლას ცხოვრების წესად ნუ გაიხდის. ამის შესახებ გვარამიამ ჟურნალისტებს პარლამენტში ხიდაშელის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

"საქართველოში არც თუ ისე ბევრი ცნობილი ჟურნალისტია, რომელსაც თოქ-შოუები მიჰყავს. ერთ-ერთ მათგანთან ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებას, ჩვენს არხზე თოქ-შოუს წაყვანის მიზნით და მან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გვითხრა უარი, რომ კონსულტაცია გაიარა თინა ხიდაშელთან და მან უთხრა, რომ არ წახვიდე "რუსთავი 2"-ზე, ის წლის ბოლომდე ნამდვილად აღარ იარსებებსო, მე ვუზრუნველყოფ ამასო.

ქალბატონ ხიდაშელს მინდა ვუთხრა, რომ ის "რუსთავი 2"-თან მიმართებაში ვერასდროს ვერაფერს ვერ უზრუნველყოფს, დაკავდეს უფრო საინტერესო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მხარეებით და იქნებ, რომელიმე მიმართულებით წარმატებული იყოს. 

ამ მხრივ, ის წარმატებული ნამდვილად ვერ იქნება და ნუ გაიხდის ცხოვრების მიზნად, "რუსთავი 2"-თან ბრძოლას", - განაცხადა გვარამიამ. 

პოლიტიკო