![მოკლული ადუაშვილის დედა: სოსო პავლიაშვილო, არ დაგინდობ! მოკლული ადუაშვილის დედა: სოსო პავლიაშვილო, არ დაგინდობ!](http://presa.ge/img/multimedia/a25453.jpg)
მოკლული ადუაშვილის დედა: სოსო პავლიაშვილო, არ დაგინდობ!
11:25:24     06-09-2013
ბიზნესმენ ავთო ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანა.მსაჯულები სათათბირო ოთახში დღის 4 საათზე გავიდნენ და 13 საათის შემდეგ დაბრუნდნენ. მსაჯულებმა სამივე ბრალდებული: ვახტანგ ჩხაპელია, კობა ყურუა და გელა უბილავა, ავთო ადუაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს.
სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება მოკლული ბიზნესმენის დედა, ნანა ეფრემიძე, თუმცა აცხადებს, რომ მკვლელობის მთავარი დამკვეთი - რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, სოსო პავლიაშვილი დასჯილი არ არის.
"განაჩენით კმაყოფილი ვარ. მინდა მადლობა გადავუხადო პროკურორებს ნინო აღლემაშვილს და ლაშა ცხვიტარიას, ასევე მოსამართლე ეკა არეშიძეს, რომელიც ნამდვილად ობიექტური იყო მთელი პროცესის განმავლობაში.
ეს ერთი ბრძოლა დავამთავრე და ახლა იწყება მეორე, იმის წინააღმდეგ, ვინც არის თავი და თავი და ვისი ფულიც დაიხარჯა. სოსო პავლიაშვილო, მიფრთხილდი, არ დაგინდობ! ფული იშოვე და ჩემი შვილის გვერდზე გაწევა მოინდომე, ავთო მოკალი და ჩხაპელია ციხეში გაუშვი?! დაჯექით ახლა პავლიაშვილებმა და "იგულავეთ!" - განაცხადა ნანა ერემიძემ.
მოკლული ბიზნესმენის ოჯახი დარწმუნებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემდეგ, ბრალდებულები სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემენ.
ავთანდილ ადუაშვილი 2012 წლის 23 ნოემბერს ქუჩაზე მოკლული იპოვეს. ერთ ერთმა ბრალდებულმა ვახტანგ ჩხაპელიამ ადუაშვილის მკვლელობის დამკვეთად და დამფინანსებლად საკუთარი ცოლის ძმა, სოსო პავლიაშვილი დაასახელა. მკვლელობის მოტივად საერთო ბიზნესი სახელდება. თუმცა, ჩხაპელიამ სასამართლოზე ჩვენება შეცვალა.
რაც შეეხება პავლიაშვილს, მომღერალი მკვლელობასთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ მზად არის თბილისიდან ჩასულ გამომძიებლებს ჩვენება მისცეს. პროკურატურა მომღერლის დაკითხვას უახლოეს პერიოდში გეგმავს.
პავლიაშვილი მოკლული ადუაშვილის ბავშვობის მეგობარი იყო. აღსანიშნავია რომ პავლიაშვილი, რომლის მიმართაც გარდაცვლილის ახლობლებს თავდაპირველად არანაირი ეჭვი არ ჰქონდათ, არც პანაშვიდზე ჩამოსულა და არც ოჯახისთვის მიუსამძიმრებია.