„ნეტა მეც მომკლან, რადგან მარიამს იმ ქვეყნად ვნახავ“ - რა ხდება კოჩალიძის მკვლელობის საქმეში?
16:14:38     05-09-2013
ბათუმის ბულვარში წამებით მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია. საქმის გაჭიანურება საზოგადოებაში ბევრ კითხვას ბადებს. შს სამინისტრო ვერ პასუხობს კითხვას - რა გახდა შემზარავი მკვლელობის რეალური მიზეზი და რატომ ვერ ხერხდება 28 წლის ირანელი ეჭვმიტანილის საქართველოში ექსტრადირება.
მოკლული გოგონას ნათლია ნატალია კვინტრაძე შს სამინისტროს და მთავრობას მოუწოდებს იზრუნოს ქვეყნის პრესტიჟზე და გახსნას ბურუსით მოცული საქმე.
ნატალია კვინტრაძე: არანაირი შედეგი არ გვაქვს ხელთ. სამი დღის წინ მქონდა საქმის გამომძიებლებთან საუბარი. თუმცა ახალს და ხელმოსაჭიდს ვერაფერს მეუბნებიან.
„პრესა.ჯი“: საქმეში ახალი გარემოება ან მტკიცებულება ხომ არ გამოჩენილა?
- გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არაფერს გვეუბნებიან. ერთადერთი, რაც ვიცი ის არის რომ სისხლის ლაქები დაემთხვა მარიამის დნმ-ის ანალიზებს.
- არსებობს იმის ალბათობა, რომ მარიამის მკვლელობას შს სამინისტრო ბოლომდე არ ხსნის და ეჭვმიტანილის დაკავებას განზრახ აჭიანურებს?
- გამორიცხული არაფერია. იცით, რა მინდა ვთქვა, მას შემდეგ, რაც ეს საშინელება მოხდა, შს სამინისტროს, უშიშროებისა და მთავრობის ინტერესებში უნდა შედიოდეს ამ საქმის გახსნა.
შს სამინისტრომ უნდა დასვას კითხვები თურქეთისა და ირანის საელჩოებთან - თუ რატომ ვერ ხერხდება მარიამის მკვლელობაში ეჭვმიტანილის საქართველოში ჩამოყვანა.
მარიამის მკვლელობა მთავრობამ უნდა გახსნას, მე უკვე აღარაფერი მაინტერესებს, რადგან აღარავინ მყავს სახლში რომ მომიკლან.
ნეტა მეც მომკლან, რადგან მარიამს იმ ქვეყნად ვნახავ. ეს არ არის მარტო ჩემი ტრაგედია.
თუ ეს საქმე არ გაიხსნა და თუ მკვლელი კანონის სიმკაცრით არ დაისაჯა, მსგავსი დანაშაული კვლავ განმეორდება. მარიამის მკვლელობის გამოძიება საქართველოს პოლიციის პრესტიჟის საქმეა, თუ, რა თქმა უნდა, უნდათ რომ ჩვენი ქვეყანა უსაფრთხო და პრესტიჟული იყოს.