ძალოვანი უწყების თანამშრომელმა ბათუმში ყვითელი ავტობუსის მძღოლი სცემა

  15:56:18     05-09-2013

ბათუმში, მერიის ავტოტრანსპორტის თანამშროელი მძღოლი – მურმან ქამადაძე, სამუშაო სათებში, თბილისის მოედანზე შელაპარიკებისას, სამთავრობო დაცვის მაღალჩინოსანმა სასტიკად სცემა და ხელკეტით თავი გაუტეხა.

ფაქტს აჭარის შსს მთავარი სამმართველოს გამომძიებელი გია ჯუმუშაძე იძიებს – ეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის კავშირის“ თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძისგან მივიღეთ, მისივე განმარტებით, პიროვნება, რომელიც ავტობუსის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდა, თბილისის პოლიციის აკადემიის თანამშრომელი, პოლკოვნიკი პატარიძეა.

„აჭარა P.S.“-მა შემთხვევის თვითმხილველებსაც მიაკვლია, რომელთა ნაამბობის თანახმად მძღოლსა და პოლიციის მაღალჩინოსანს შორის შელაპარაკების მიზეზი ამ უკანასკნელის კუთვნილი მსუბუქი ავტომობილი გახდა, რომლითაც პატარიძემ თბილისის მოედანზე საზოგადოებრივ ტრანსპორტს გზა ჩაუხერგა და იმის მაგივრად, რომ ავტობუსის მძღოლის სიგნალზე მანქანა გადაეწია და გზა გაენთავისუფლებინა, მურმან ქამადაძე ავტობუსიდან ძირს ჩამოათრია და სასტიკად გაუსწორდა, რის შემდეგაც დაზარალებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით „აჭარა P.S.“-თან სატელეფონო საუბარში დაზარალებულმა ქამადაძემ ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა, მისი განმარტებით, პოლიციელმა იმის გამო სცემა, რომ ავტობუსისთვის გზის დათმობა სთხოვა, როგორც ქამადაძე აცხადებს იგი ამჟამად საკუთარ სახლში იმყოფება, მას ექიმებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუდგინეს.

წყარო:  adjaraps.com