
რა საფრთხე ემუქრება სირიაში მყოფ 22 ქართველს?
15:00:42     29-08-2013
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ტყუილი... გუშინ უწყებამ განაცხადა რომ სირიაში მხოლოდ ერთი ქართული ოჯახი იმყოფებოდა ერთი კვირის წინ, რომელიც ეგვიპტეში ჩვენი საელჩოს დახმარებით ქვეყნიდან გამოვიდა.
ამ წუთებში კი, "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ რომ სირიის დედაქალაქ დამასკოში საქართველოს 22 მოქალაქეა ჩარჩენილი.
ტელეკომპანიამ ჩაწერა დამასკოში მყოფი ქართველებიც, რომლებიც აცხადებენ რომ ისინი ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებენ. "გვაქვს თვითმფრინავის ბილეთის პრობლემა. დამასკოს ცენტრში ვიმყოფებით. აქ საშიში ზონა არაა, მაგრამ გვინდა წამოსვლა, თუმცა, ვერ ვახერხებთ", - უთხრა ნარგიზა ლომთათიძემ ტელეკომპანიის წარმომადგენელს, სატელეფონო საუბრისას.
სირიაში 22 ქართველის ყოფნის ფაქტის აღიარება მოუწია საგარეო საქმეთა სამინისტროსაც. სამინისტროში აცხადებენ რომ "მუშაობენ მათი პრობლემის გადასაჭრელად". ეს მაშინ როცა ჯერ კიდევ გუშინ გვარწმუნებდნენ რომ სირიაში მხოლოდ ერთი ოჯახი იყო ერთი კვირის წინ, რომელმაც ქვეყანა უკვე დატოვა.
საქართველოს 22 მოქალაქე დამასკოში 2011 წლიდან ცხოვრობს და მათ დიდ ნაწილს იქ, სხვადასხვა სახის ბიზნესი აქვს.
შეგახსენებთ რომ მას შემდეგ, რაც სირიის სახელისუფლებო ძალებმა ოპოზიციის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ამერიკამ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყება არ გამორიცხეს. პრეზიდენტი ობამა აცხადებს რომ გადაწყვეტილება - სირიაში სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ, ჯერ არ მიუღია.
"ჩვენ კონსულტაციები გვაქვს მოკავშირეებთან, რათა მივაღწიოთ საერთაშორისო შედეგებს. გამოითქვა მოსაზრება, რომ ქიმიური იარაღი შესაძლოა მიმართულ იქნას აშშ-ზეც და გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არ მოხდება", - განაცხადა ბარაქ ობამამ აშშ-ს საზოგადოებრივ არხ PBS-სთან საუბრისას.