ადიგენში სპეცრაზმის მიერ მუსლიმთა დაპატიმრებას მსხვერპლი მოჰყვა - "ასე ჯალათები იქცევიან"

  11:36:57     27-08-2013

ადიგენის რაიონში, ხელისუფლების მიერ მინარეთის დემონტაჟის გამო მომხდარი დაპირისპირება მსხვერპლით გაგრძელდა. მას შემდეგ რაც ადგლილობრივმა მუსლიმებმა რელიგიურ ნიადაგზე ხელისუფლების აგრესია გააპროტესტეს, სიტუაციის განმუხტვას სპეცრაზმი შეეცედა

სპეცრაზმის მოქმედებამ მდგომარეობა უფრო დაამძიმა. ადგილობრივთა თქმით, პოლიციამ 30-მდე მუსლიმი დააპატიმრა. ჯავახეთის მუფთის, მამუკა ვაშაყმაძის ინფორმაციით, ახალციხის პოლიციასთან წუხელ დაპატიმრებული ფრიდონ გობაძის ბაბუა ინფარქტით გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მუფთმა მამუკა ვაშაყმაძემ განუცხადა, გობაძის ბაბუამ შვილიშვილის დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია სოფელში გაიგო, რის გამოც ინერვიულა და ინფარქტით გარდაიცვალა.

"ცუდი ამბავი მოხდა, წუხელ პოლიციის შენობასთან დაპირისპირების დროს ფრიდონ გობაძე დააპატიმრეს. აღელვებულმა ხალხმა ვეღარ მოზომა, ჭიშკარს მიადგა, რის გამოც ეს ბიჭი შეაგდეს საპატიმროში. ერთი საათის მერე გავიგეთ, რომ ნერვიულობის ნიადაგზე გობაძის ბაბუას ინფარქტი მოუვიდა და გარდაიცვალა.

გასვენებაში მისული ხალხი აქეთ მოემართება. საპატრიარქო რეაგირებას არ ახდენს, ღარიბაშვილი და ივანიშვილი არაფერს არ ამბობენ. ხალხი ამ ყველაფერს გულცივად ხვდება, ასე მხოლოდ ჯალათები იქცევიან და ამ ყოველივეს კარგი შედეგი არ მოჰყვება", - აღნიშნა მამუკა ვაშაყმაძემ.

შეგახსენებთ რომ ხელისუფლებამ გუშინ ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი მოახდინა. მწვავე პროტესტის შემდეგ კი განაცხადა რომ დემონტაჟი დროებითი იყო და ის საბაჟო პროცედურებისთვის გახდა საჭირო.