სუბარის უწყება პატიმარ ჯაყელის მკვლელობას თვითმკვლელობად ასაღებს?

  14:03:20     26-08-2013

"აღდგენილი სამართლიანობის" პირობებში ეს უკვე მეორე შემთხვევაა როცა სუბარის უწყებას პატიმრის მკვლელობაში ადანაშაულებენ. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პატიმარმა ჯაყელმა თვი მოიკლა. უწყებამ პატიმრის თვითმკვლელობის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა.

"პირველადი ინფორმაციით, მსჯავრდებული გ.ჯ. რომელმაც წარსულში არაერთხელ მიმართა თვითდაზიანებას, საკანში, მექანიკური ასფიქსიით გარდაცვლილი იპოვეს. 2013 წლის იანვრის შემდეგ, მსჯავრდებული გ.ჯ. თვითდაზიანებების გამო, 5-ჯერ გადაიყვანეს სამოქალაქო საავადმყოფოებში, სადაც მას დროული და ადეკვატური დახმარება აღმოუჩინეს. მსჯავრდებულს არაერთხელ გაეწია ფსიქიატრის კონსულტაცია, რის საფუძველზეც სათანადო მკურნალობა ჩაუტარდა. მასთან მუშაობდა ფსიქოლოგიც", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

თუმცა, პატიმრის ოჯახი ოფიციალურ ვერსიას კატეგორიულად ემიჯნება. ოჯახის წევრები ცალსახად აცხადებენ რომ პატიმარი მოკლეს. ისინი მომხდარში მე-6 დაწესებულების ადმინისტრაციას ადანაშაულებენ.

"როგორ უნდა დავიჯერო რომ მან თავი მოიკლა, როცა რამდენიმე დღის წინ დაგვირეკა და გვითხრა, იქნებ მიშველოთ, მკლავენო", - კითხულობს გარდაცვლილის ოჯახის წევრი.

"როცა სახლში მომისვენეს ისეთი ნემსი ჰქონდა გაკეთებული რომ არაფერი არ ეტყობოდა. მე დარწმუნებული ვარ რომ ჩემი შვილი მოკლეს და ახლა ამ ფაქტის დამალვას ცდილობენ", - აცხადებს გარდაცვლილის დედა.  

"პარასკევს ციხეში ვიყავი ჩემი შვილის სანახავად, ციხის ადმინისტრაცია ჩემი თვალის ასახვევად კარგად ექცეოდა, თუმცა გელამ მითხრა, რომ მის მოკვლას აპირებდა ვინმე ზურა, გვარი არ ვიცი, მითხრა, რომ ის არის ციხის უფროსის მოადგილის დროებითი შემსრულებელი", - აცხადებს ზოია ჯაყელი - გარდაცვლილის დედა.