
ალასანიას ფარული შეხვედრები - თავდაცვის მინისტრი კოალიციის დასატოვებლად ემზადება
12:52:42     21-08-2013
“ქართულ ოცნებასა” და ალასანიას დემოკრატებს შორის დაწყებული ფარული ბრძოლა პიკს უახლოვდება.
ალასანიას პარტიულ აქტივისტთა ნაწილმა უკვე ოფიციალურად დატოვა კოალიციის რიგები და ბურჯანაძის გუნდში გადავიდა. ისინი ღიად აცხადებენ რომ მხარს ბურჯანაძეს უჭერენ.
ალასანიას აქტივისტთა და ახალგაზრდულის წევრთა ნაწილის კოალიციიდან წასვლა 14 აგვისტოს გამართულ თათბირზე საბოტაჟად და “ფარულ ბრძოლად” შეფასდა “ოცნებაში”.
მართალია, თათბირზე ივანიშვილმა საგანელიძეც ღიად გააკრიტიკა და მუშაობა დაუწუნა (ქართული ოცნების წევრთა ბურჯანაძესთან გადასვლის გამო), თუმცა, არც ალასანიას დემოკრატები გამორჩენია…
ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერმა ღარიბაშვილს ალასანიას გარემოცვის ბიზნეს-ინტერესების შესწავლა, თავდაცვის სამინისტროში არსებული კორუფციის დეტალების გარკვევა და დემოკრატების “ვერბოვკა” დაავალა.
მიუხედავად ამისა, ალასანიამ მართალოია, ფარულად, მაგრამ მაინც დაიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური მოქმედებები.
ერთ-ერთი ინფორმაციით, ალასანია ევროპაში რამდენიმე დასავლელ ლიდერს უკვე შეხვდა. პრივატულ შეხვედრაზე კი მისი სამომავლო პოლიტიკური გეგმები და კოალიციიდან შესაძლო გამიჯვნა განიხილეს.
მეტიც, ალასანიას გარემოცვა ირწმუნება რომ დემოკრატების ლიდერმა რჩევა საქართველოს პატრიარქსაც ჰკითხა, როდესაც იგი გერმანიაში, სრულიად მოულოდნელად მოინახულა.
ევროპიდან დაბრუნებულმა ალასანიამ საქართველო მალევე დატოვა. ის ორი დღის წინ ამერიკაში გაემგზავრა.
ოფიციალური მიზეზი სამუშაო შეხვედრებია, თუმცა, არსებული მონაცემებით, თავდაცვის მინისტრი შტატებში პარტიული მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს - მომავალი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშებისათვის.