Wall Street Journal: "ქართული ოცნება" რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიას

  11:07:12     21-08-2013

"ქართული ოცნება" რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიას - "საქართველოს მყიფე დემოკრატიული პროცესი", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა Wall Street Journal ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-პრეზიდენტის, გუნარ ჰოკმარკის წერილს.

ჰოკმარკი აღნიშნავს: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მისი ხელისუფლება "პროგრესს პრაგმატიზმის გზით" აღწევს, თუმცა რთულია ამის გაგება, როცა საქმე დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ეხება. 

"ყოფილ მთავრობას ჰქონდა ხარვეზები, მაგრამ მან წარმატებას მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში, როგორც ამას "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კორუფციის ინდექსი ადასტურებს.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავრობამ, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოვიდა, დემოკრატიის საბოლოო ტესტიც ჩააბარა – გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანი და მოწესრიგებული გადაბარებით, რომელმაც გადამწყვეტი გამარჯვება მოუტანა ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართულ ოცნებას".

ბატონმა ივანიშვილმა შეიძლება გააკრიტიკოს ოპოზიცია, მაგრამ ის ვერ უარყოფს, რომ მან ხელისუფლება მშვიდობიანად, დემოკრატიული არჩევნების შედეგად ჩაიბარა და ეს შეუძლებელი იქნებოდა იმ პროგრესის გარეშე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას იქნა მიღწეული.

მაგრამ მიუხედავად ამისა, ახლა "ქართული ოცნების" ხელისუფლება იყენებს სამართლებრივ ინსტიტუციებს მუქარის, შევიწროებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა დაპატიმრებისთვის, რითაც რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიას", - აღნიშნავს "ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-პრეზიდენტი. 

ჰოკმარკის ციტირებს ფრანგულ გამოცემა "ლე მონდთან" საუბრისას ბიძინა ივანიშვილის კომენტარს, სადაც პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის შესახებ აცხადებს, რომ მათ იციან, როგორ გაავრცელონ ტყუილები, რომ ისინი არიან იდიოტები, რომელთაც ვერ შეიგნეს, რომ მათი დრო წავიდა და ამიტომ უნდა გაჩუმდნენ ან ბოდიში მოიხადონ.

"ლე მონდის" კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ მისი ოპონენტები ციხეში უნდა ჩასვან, ბატონმა ივანიშვილმა უპასუხა, რომ "თუ ოპოზიცია კვლავ გააგრძელებს ტყუილსა და ხალხის იგნორირებას, პროკურატურის წინ რიგები კიდევ უფრო მოიმატებს".

მას შემდეგ ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი მიეცა პასუხისგებაში, დააკავეს და ციხეში ჩასვეს, მათ შორის ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ოპოზიციის ლიდერი ვანო მერაბიშვილი, რომელიც ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატი იყო. ყოველივე ეს საგანგაშოა და რა თქმა უნდა, არაპრაგმატული გზა, საქართველოს წინსვლისთვის", - წერს "ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-პრეზიდენტი გუნარ ჰოკმარკი. 

"ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-პრეზიდენტი ამ წერილით გამოეხმაურა Wall Street Journal-ში 5 აგვისტოს გამოქვეყნებულ ბიძინა ივანიშვილის წერილს "პროგრესი პრაგმატიზმის გზით".