
ბეჟაშვილი: რიგით პოლიციელებს ზემდგომები დანაშაულის აღრიცხვის საშუალებას არ აძლევენ
18:25:13     14-08-2013
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი „პრესა.ჯი“-სთან ინტერვიუში ეკონომიკური მაჩვენებლების კლების შედეგებზე, გახშირებული კრიმინალის გამომწვევ მიზეზებზე და საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საუბრობს.
„პრესა.ჯი“: STANDARd & POORS- ი საქართველოში დაწყებული ეკონომიკური კრიზისის შესახებ საუბრობს. ქვეყნის ეკომონიკური მაჩვენებელი ნულს ჩამორჩა, თქვენი აზრით რამ გამოიწვია ეკონომიკური კრიზისი?
ლევან ბეჟაშვილი: ეკონომიკური მაჩვენებლის გაუარესების შესახებ მმართველ ძალას დიდი ხანია ვაფრთხილებდით. არაერთხელ შევთავაზეთ ხელისუფლებას ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩვენი გამოცდილების გაზიარება. თუმცა უშედეგოდ.
ჩვენი მიზანია გაგრძელდეს ქვეყნის მშენებლობა, მოსახლეობის დასაქმება და ასე შემდეგ. თუმცა „ქართული ოცნების“ წევრებისგან მთელი ამ ხნის განმავლობაში გვესმოდა ბრალდებები, რომ თურმე ჩვენ შეგვყავდა მოსახლეობა შეცდომაში, როცა ეკონომიკის მაჩვენებლებს საგანგაშოს ვუწოდებდით.
ხელისუფლების მიერ ამ შენიშვნების, რჩევების უგულვებელყოფამ და ოპონენტების დევნამ კიდევ უფრო გააუარესა ეკონომიკური მდგომარეობა.
დღეს არამარტო ჩვენ, არამდედ მსოფლიოს საფინანსო ორგანიზაციებიც საუბრობენ ეკონომიკურ კრიზისზე. ეს ყველაფერი კი ჩვენს მოსახლეობაზე აისახება. ეკონომიკური სტაგნაცია ნიშნავს უფრო მეტ უმუშევარს, წარმოებების შეჩერებას, სიდუხჭირეს და ასე შემდეგ.
- პაატა ზაქარეიშვილის მიერ აფხაზეთში ომის დაწყების 21-ე წლისთავთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას საზოგადოების მხრიდან დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. საერთოდ არ არის ნახსენები რუსეთის როლი ამ კონფლიქტში...
- ქართული საზოგადობა უკვე თვალნათლივ ხედავს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობისას მაამებლური ფორმა აქვს არჩეული.
ხელისუფლება კაპიტულანტურ ნაბიჯებს დგამს. ბევრ რამეზე თვალს ხუჭავს. ახალი ხელუსუფლება ცდილობს რომ ყველა იმ უბედურებაში, რაც საქართველოს დაატყდა თავს, რუსეთის პასუხისმგებლობა მაქსიმალურად შეამსუბუქოს.
ამის ნათელი მაგალითია ხელისუფლების განცხადებები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ქართული მხარის დადანაშაულების შესახებ.
დღევანდელი განცხადებაც არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ივანიშვილის გუნდი ახორციელებს რუსეთის მისამართით.
- ორი დღეა განხილვის მთავარ თმად ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომა რჩება. დღეს გაირკვა რომ ზურაბ ხარატიშვილს პოლიტიკური გეგმები აქვს, როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღო მან ეს გადაწტვეტილება და როგორ აისახება ის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების პროცესზე?
- ფაქტია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვე რჩება ხარატიშვილის გადაწყვეტილება არანაირად არ უწყობს ხელს ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს შექმნას ხელს. ხარატიშვილის თანამდებობიდან წასვლა იძლევა საფუძველს იმისა რომ ვიფიქროთ, ხომ არ განხორციელდა მასზე რაიმე სახის ზეწოლა...
- შს სამინისტრო ირწმუნება, რომ 2013 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულმა 4126 ერთეულით იკლო, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაორმაგებულია და 53,3%-ს შეადგენს...
- ღარიბაშვილის განცხადებები იმის თაობაზე, რომ თურმე დანაშაულის მაჩვენებელმა იკლო ღიმილის მომგვრელია. იმ ფონზე, როდესაც თითქმის ყოველდღე ვიგებთ საზარელი მკვლელობების, ძარცვის და სხვა დანაშაულებების შესახებ, მინისტრის ეს სტატისტიკა მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევს.
ეს ყველაფერი გამოწვეულია ხელისუფლების იმ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით, რაც პატიმართა მასობრივ გათავისუფლებაში გამოიხატა
ახალმა ხელისუფლებამ რიგით კრიმინალებს პოლიტ დევნილები უწოდა. დღეს ამ შედეგს ვიმკით. დღეს ამ სტატისტიკით მანიპულირებას აზრი ნამდვილად არ აქვს. მოსახლეობა არის მთავარი შემფასებელი, რადგან თვითონ გრძნობს კრიმინალს ყოველ ნაბიჯზე.
შს მინისტრი არ ახორციელებს პრევენციულ ღონსძიებებს ამ ფონის შესამსუბუქებლად. მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, რიგით პოლიციელებს ზემდგომები მომხდარი დანაშაულის აღრიცხვის საშუალებას არ აძლევენ.