შსს-ს კომენტარი ორხევში მომხდარ მკვლელობაზე

  21:12:38     09-08-2013

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ორხევში მოკლული 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ნინო გიორგობიანის მიერ „პრესა.ჯი“-სთვის გადმოგზავნილ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

"თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი, 1976 წელს დაბადებული ბონდო ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, ორხევის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1992 წელს დაბადებულ ნიკა ო-ს დანით ყელში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე, საკუთარ სახლში დააკავეს.

წინასწარი ინფორმაციით, ბონდო ტ. დანაშაულის ჩადენის დროს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)."