თბილისში 16 წლის ბიჭი დაჭრეს - პოლიცია ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს

  11:00:23     09-08-2013

თბილისში 16 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ ღამით დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა.

ახალგაზრდას სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს. მას ფეხზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანა. 

მომხდარის მოტივი და დანაშაულში ეჭვმიტანილის ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია.  როგორც „პრესა.ჯი“-ს შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა მიმდინარეობს გამოძიება.

„საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლით - სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, არის აღძრული. ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“,- აღნიშნა გიორგობიანმა. 

გიორგობიანის ინფორმაციით, დაზარალებული უკვე დაიკითხა. 

„პრესა.ჯი“ იაშვილის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც დაუკავშირდა სადაც განაცხადეს, რომ მოზარდი მალევე გაეწერა. მისი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინცინდენტს თვითმხილველები ჰყავას, რადგან შემთხვევა ღამის საათებში მოხდა, დროის ამ მონაკვეთში სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი ადამიანი მოძრაობს. 

„პრესა.ჯი“-სთან  მიმდებარე  ტერიტორიაზე მცხოვრებლები ყვებიან, რომ ბოლო დროს იმატა ქუჩურმა გარჩევებმა.