ვარძელაშვილი რუსული ინტერვენციის უცნობი ისტორიების შესახებ - როგორ იწყებოდა 08.08.08

  21:30:37     08-08-2013

შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, ლადო ვარძელაშვილი 5 წლიან დუმილს არღვევს და „პრესა.ჯი“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში დეტალურად ჰყვება აგვისტოს ომის სისხლიან ქრონიკას. 

„პრესა.ჯი“-ს მკითხველი, ყოფილი გუბერნატორისგან დღეს პირველად გაიგებს რა მოვლენები უძღოდა წინ ხუთ დღიან ომს, როგორ ემზადებოდა რუსეთი საქართველოში შემოჭრისათვის და როგორ მოიპოვა რუსი გენერლისგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ჰააგის სასამართლოში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.

„პრესა.ჯი“: ბატონო ლადო, თქვენ 2008 წლის აგვისტოში შიდა ქართლის გუბერნატორი იყავით, იქნებ გაიხსენოთ, როგორ ემზადებოდნენ რუსები საქართველოს ინტერვენციისთვის. რა მოვლენები უძღოდა წინ აგვისტოს რუსულ აგრესიას?

ლადო ვარძელაშვილი: საომარი მოქმედებების დაწყებამდე იყო გარკვეული პროვოკაციები. მაგალითად: დიმიტრი სანაკოევის კორტეჟი ააფეთქეს. ხშირად ხდებოდა ქართულ ბლოკ-პოსტებზე თავდასხმებიც. თავდასხმების შედეგად რამდენიმე პოლიციელიც დაიღუპა. ზოგადად, მათი მხრიდან, პროცესები ჯერ კიდევ 2008 წლის მაისში გააქტიურდა.

პირველ აგვისტოს კი მივიღეთ ინფორმაცია, რომ ცხინვალიდან მოსახლეობის გამალებული ევაკუაცია მიმდინარეობდა.

ამ პერიოდში ჩვენ ურთიერთობა გვქონდა რუსეთის სამშვიდობო ძალების გენერალ კულახმეტოვთან. მას მე და გენერალი მამუკა ყურაშვილი შევხვდით და როცა დავინტერესდით, რატომ ხდებოდა ცხინვალიდან მოსახლეობის გაყვანა, ფორმალური პასუხი მივიღეთ, რომელიც არანაირ ინფორმაციას არ შეიცავდა.

უკვე ორ აგვისტოს, ორი ქართული სოფელი - ავნევი და ნული დაბომბეს. 3 აგვისტოს, სამხარეო პოლიციის მაშინდელ უფროსთან ერთად ჩავედი დაბომბილ სოფლებში, სადაც სროლის შედეგად 14 სახლი დაზიანდა.

ადგილიდან გვქონდა მცდელობა დავკავშირებოდიით ბატონ კულახმეტოვს, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. ჩვენი წამოსვლიდან ერთ საათში, ისევ მივიღეთ ინფორმაცია, რომ აღნიშნული სოფლები ხელახლა დაბომბეს. იერიშის შედეგად კი სოფელში მცხოვრები ხანშიშესული ადამიანი დაიჭრა.

ჩვენი რეაქცია გამოიხატა მხოლოდ დაზარალებული მოსახლეობის დახმარების გაწევაში. კერძოდ, ჩავიტანეთ სამშენებლო მასალები და აღვადგინეთ დაზიანებული სახლები. შემდეგ ვიგებთ, რომ თავდასხმა მოხდა ჩვენს ერთ-ერთ საგუშაგოზეც.

მთავრობამ მოიწვია საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსი.
მოწვეული იყო რუსეთის ელჩი კოვალენკოც, რომელიც შეხვედრაზე მოდიოდა. თუმცა, როგორც ჩანს, გზაში ვიღაც დაუკავშირდა და ჩვენდა გასაკვირად, უკან გაბრუნდა.
ფორმალურ მიზეზად კი ავტომანქანის გაუმართაობა დაასახელა.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ელჩი საქმის კურსში იყო, თუ რა იგეგმებოდა და რა ხდებოდა...

6 აგვისტოს სოფელ ერგნეთზე და ქართულ საგუშაგოზე ისევ მოხდა თავდასხმა, რა დროსაც ერთი სამხედრო დაიღუპა. გენერალ ყურაშვილს ამის შემდეგ ძალიან მძიმე საუბარი ჰქონდა კულახმეტოვთან.

კულახმეტოვი ირწმუნებოდა რომ მან თავდასხმის შესხებ არაფერი იცოდა და მომხდარს გაურკვეველ სეპარატისტულ ჯგუფს მიაწერდა.

7 აგვისტოს ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო. ცხინვალი პრაქტიკულად დაცლილი იყო. ისევ დაიბომბა ერგნეთი. ინტერსიური სროლა ხიორციელდებოდა ჩვენი ბლოკ-პოსტების მიმართულებითაც.

7 აგვისტოსვე, ადგილზე ჩამოვიდნენ მთავრობის წევრებიც. თავდაცვის და შს მინისტრებმა მოინახულეს დაბომბილი სოფლები. შეხვედრა მოხდა პრეზიდენტთან. გენერალი ყურაშვილი ისევ ესაუბრა კულახმეტოვს...

იმავე საღამოს, როგორც იცით, პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა. პრეზიდენტმა რუსულ მხარეს სამი საათი მისცა იმისთვის რომ ქართული სოფლებისა და ქართული საგუშაკოების დაბომბვა აღეკვეთათ.

კულახმეტოვს, ბოლოს, 7 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე შევხვდით, სადაც მან თქვა, რომ ის სუტუაციას ვერ აკონტროლებდა და თავის ქვეყანაში იყო გაწვეული.

საღამოს კი, ყველა ქართული ბლოკ-პოსტიდან მოდიოდა ინფორმაცია, რომ მათზე თავდასხმები ხორციელდებოდა. რუსი თუ დაქირავებული ჯარისკაცები ინტენსიურად ბომბავდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებსა და ქართულ საგუშაგოებს.

ამ დროისთვის ჩვენ მოვახერხეთ იმ იარაღის მობილიზება, რომელიც მშვიდობისმყოფელებს ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით უნდა ჰქონოდათ. დაახლოებით 23:00- 24:00 საათისთვის, გაიხსნა საპასუხო, იძულებითი ცეცხლი ჩვენი მხრიდან.

ჩვენი ბიჭები ისროდნენ მხოლოდ იმ მიმართულებით, საიდანაც ჩვენი ბლოკ პოსტების დაბომბვა ხდებოდა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ცეცხლის გახსნამდე ყველანაირი ბერკეტი ამოვწურეთ. უშიშროების სამინისტროდან დაწყებული, საგარეო საქმეთა სამინისტროთი დამთავრებული.

ჩვენ რომ პასუხი არ გაგვეცა, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოხდებოდა ათეულობით სოფლის ჩაბარება.

რუსეთის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა აღედგინა სრული კონტროლი სამხეთ ოსეთის ყოფილ ტერიტორიაზე, სადაც თამარაშენი, ქურთა, აჩაბეთი და სხვა სოფლები შედიოდნენ. ეს სოფლები ყელში ჰქონდა გაჩხერილი რუსეთს.

თუმცა, ოკუპანტთა ძირითადი მიზანი მაინც ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურება იყო, რაც ქართული არმიის გმირული წინააღმდეგობისა და საერთაშორისო მხარდაჭერის გამო ვერ შეძლეს.

- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ აქტიურად მონაწილეობდით დაღუპული თუ დაჭრილი ჯარისკაცების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის საომარი ზონიდან გამოყვანის პროცესში...

- მთელი ღამის განმავლობაში მომიწია სოფელ-სოფელ სიარული. ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით რომ ამ მასშტაბის სამხედრო ოპერაცია ჰქონდა რუსეთს დაგეგმილი. თავდაპირველად გვიჭირდა მოსახლეობის ევაკუაცია. ეს ძალიან რთული პროცესი იყო. რუსეთი დაბომბვასა და მშვიდობიანი მოქალაქეების დევნას აგრძელებდა.

პარალელურად კი, გვეუბნებოდნენ რომ თავდასხმებს არა რუსი სამხედროები, არამედ გაურკვეველი სეპარატისტები ახორციელებდნენ.

იმ ღამის განმავლობაში მე ვიყავი სოფელ ზემო არცევში, ამჟამად ეს სოფელი ოსების მიერ კონტროლდება. იქ დამხვდა შემდეგი სიტუაცია, რუსმა სამშვიდობოებმა აიკრეს გუდა-ნაბადი და წავიდნენ. მაშინვე მივხვდით რომ ეს იყო რუსეთის სტრატეგია - გაეყვანა მძიმე ადგილებიდან სამშვიდობოები და მოეყარა თავი მათთვის - ერთ ადგილას, რომ იქიდან განხორციელებულიყო ფართომასშტაბიანი ინტერვენცია.

- თქვენი აზრით, რეალურად ვინ ბომბავდა ქართულ სოფლებსა და საგუშაკოებს, არსებობს იმის ალბათობაა რომ რუს სამშვოდობოებს არ ჰქონოდათ შესაძლებლობა გაერკვიათ - ვინ ესროდა ქართველ ჯარისკაცებს?

- რუსული ბლოკ-პოსტის გვერდზე მდებარეობდა ოსური პოსტი. ჩვენი კოორდინატების მიხედვით კი, სწორედ ამ საგუშაგოდან გვესროდნენ ინტენსიურად.

ამიტომ, დაუჯერებლად მივიჩნევთ იმ მოსაზრებას რომ რუსებმა ამ სროლების შესახებ არაფერი იცოდნენ. ისინი თავად მონაწილეობდნენ ამ პროცესებში. რუსეთმა გამოიყენა სეპარატისტების სახელი, შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეებისა და მშვიდობიანი ოსი მოსახლეობის დაცვის საბაბით შემოიჭრა ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

...სოფელ არცევიდან 8-ში, გამთენისას დავბრუნდი. იქიდან რამდენიმე ადამიანი გამოვიყვანე. 8 საათსა და 20 წუთზე კი, უკვე გორი დაბომბეს.

გორში, ე.წ. სატანკოსთან, მძინარე, მშვიდობიანი მოსახლეობა დაიხოცა. ცხადია, ჩემი მიზანი ამ ადამიანების გამოყვანა და მოსახლეობის დახმარება იყო. ეს იყო დღეები, რომელმაც გააერთიანა პოლიტიკური ელიტა.

ჯონდი ბაღათურია ჩვენთან იყო. თბილისიდან ჩამოვიდნენ დავით ტყეშელაშვილი და ზურა მელიქიშვილი. მე, გორში, ერთად ვნახე სოსო ალავიძე და ვანო მერაბიშვილი.

- ამას წინათ გორელებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია რომ თქვენს თვალწინ დაიჭრა პოლიციის მაშინდელი მაღალჩინოსანი, რომელიც გადაარჩინეთ... ვინ იყო ის და რა ვითარებაში დაიჭრა?

- შიდა ქართლის კონტდაზვერვის უფროსმა მოიტანა ინფორმაცია, რომ ცხინვალის ახლოს მდებარე სოფელ ზნაურში საქართველოს მოქალაქეები იყვნენ ჩარჩენილები.

რა თქმა უნდა, რამოდენიმე პოლიციელთან ერთად ამ ადამიანების გამოსაყვანად წავედი. ჩემთან ერთად იყო სამცხე-ჯავახეთის მაშინდელი პოლიციის უფროსი - ვანო წიკლაური, რომელიც დღეს ამ რეგიონის გუბერნატორია. წამომყვა დავით ბედია, რომელიც დღეს კიმინალურ დეპარტამენტში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებს...

ზნაურში, მოსახლეობის გამოსაყვანად მისულები, ალყაში მოვყევით. 7 საათის განმავლობაში მიდიოდა ინტენსიური სროლები. გაუჩერებლად გვესროდნენ.

სროლისას ვანო წიკლაურს თავში ტყვია მოხვდა. საბედნიეროდ, ერთ-ერთმა პოლიციელმა მოახერხა ალყაში შემოღწევა. ხოხვით მივიყვანე წიკლაური მანქანამდე და გავედით სოფლიდან. მახსოვს, გონების დაკარგვამდე სიმწრით თქვა - ეს ვისი ხელით ვკვდებიო. საბედნეროდ, ეს შემთხვევა ფატალურად არ დასრულებულა.

- გავრცელებული ინფორმაციით, საომარი მოქმედებების დროს თქვენ ქალაქი დატოვეთ, რატომ?

- ამ პერიოდში ჩემი შვილები ბაკურიანში ისვენებდნენ. დამიკავშირდნენ ოჯახის წევრები და რამდენიმე საათით დავტოვე ქალაქი გორი. დავტოვე თუ არა ბავშვები მეგობართან, ისევ შემოვბრუნდი გორში.

დღეს ბევრი იბრალებს რომ თითქოს ყველაზე ბოლოს დატოვა საომარი ტერიტორია. თუმცა, მე იქ დამხვდნენ მხოლოდ დათო კეზერაშვილი, ბათუ ქუთელია და კიდევ ვინც ვნახე - ზურა მელიქიშვილი და დავით ტყეშელაშვილი იყვნენ.

- ბატონო ლადო, თქვენ, უშიშროების მაშინდელ მდივანთან, კახა ლომაიასთან ერთად რამდენჯერმე შეხვდით რუს ოკუპანტს - გენერალ ბორისოვს. იქნებ გაიხსენოთ ამ შეხვედრის აქამდე უცნობი დეტალები...

- 11-ში, დამოუკიდებლად მივიღე გადაწყვეტილება და იგოეთიდან შევედი გორში ჩემ ორ მოადგილესთან და გორის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტატიშვილთან ერთად.

ქალაქში შესვლისთანავე დაგვაკავეს და ბორისოვთან წაგვიყვანეს. მან ცინიკურად მიპასუხა რომ მთელი დღის განმავლობაში მელოდებოდა. სამ საათიანი მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა რომ დაახლოებით 10 კაცს მოგვცემდა, გორის ცენტრში ჩარჩენილი ადამიანებისთვის სურსათით დახმარების შესაძლებლობა რომ გვქონოდა.

ჩვენი შეხვედრა რესტორან „გორში“ მოხდა. ბორისოვი ნასვამი იყო. მას ტელეფონით ვიღაც დაუკავშირდა, რის შემდეგაც პირდაპირ გვითხრა რომ რუსები თბილისამდე ჩასვლას გეგმავდნენ.

ჩემი რეაქცია იყო შოკი, რადგან კომუნიკაცია არ არსებობდა. ბორისოვთან შეხვედრის შემდეგ ჩემი მოადგილე შემოვლითი გზებით კასპში გავუშვი რომ ეს ამბავი გადაეცა ცენტრალური ხელისუფლებისთვის.

ამის შემდეგ, უკვე 11- ში, ლომაია ხვდება ბორისოვს. მიაღწიეს გარკვეულ შეთანხმებას ტყვეების გაცვლაზე, უსაფრთხო კორიდორზე, ქალაქში ჩარჩენილი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის დარიგებაზე.

ლომაია იმავე ღამეს დაბრუნდა თბილისში - ჩვენ კი დავრჩით და საკუთარი თვალით ვხედავდი როგორ ანგრევდნენ ქალაქს. ამავე დროს, იცავდნენ და უფრთხილდებოდნენ სტალინის ძეგლს.

- დატოვეთ თუ არა გორი, მისი ოკუპაციის შემდეგ?

- 11 აგვისტოდან 22 აგვისტომდე, ვიდრე რუსებმა არ დატოვეს ქალაქი, მე გორში ვიყავი. გორში ერთი მანქანით გადავაადგილდებოდი. საეკლესიო პირებთან ერთად ვარიგებდით სურსათს.

შემდეგ კარალეთში დაიწყო ტყვეთა გაცვლა. ჩემი თვალით ვნახე როგორ ყრიდნენ ადამიანებს კარალეთთან და რუს ტყვეებში ცვლიდნენ. თვითონ ბორისოვთან საუბარი შედარებით ადვილი იყო, რადგან 2 ბოთლ კონიაკში ვუცვლიდი ჩვენ კუთვნილ იარაღს, რომელიც რუსებმა ხელში ჩაიგდეს.

- მართალია თუ არა, რომ თქვენ გენერალ ბორისოვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოპარეთ მისი პირადი მობილურიდან, რომელიც შემდგომ ქართულმა სახელმწიფომ რუსული ოკუპანიის წინააღმდეგ ერთ-ერთ სამხილად გამოიყენა?

- დიახ, ბორისოვთან განხილვის თემა იყო დაღუპული ჯარისკაცების გადმოსასვენებლად კორიდორის უსაფრთხოება. ის ისეთი მთვრალი იყო, ენას ვერ ატრიალებდა, ჰყვებოდა როგორ უყვარს საქართველო... თუმცა, რამოდენიმე საათის შემდეგ, მოგვიბრუნდა და უსაფრთხოებაზე უარი განაცხადა.

შემდეგ ბიჭების გადმოსვენება საეკლესიო პირებმა ითავეს, რაც გმირობის ტოლფასი იყო.

ბორისოვთან შეხვედრისას, მან გენერალ დუმბაძის გამოხსნაში დახმარება გვთხოვა, უარის მიღების შემდეგ 11 ქართველ ჯარისკაცში გაცვლა შემოგვთავაზა. ამ საუბრისას ბორისოვს ჩაეძინა, მე მისი მობილური ავიღე, სადაც გადავაწყდი მათ რუკებს, გეგმებს და დახოცილი ქართველების სურათებს. რ ათქმა უნდა ყველა ინფორმაცია გადმოვიწერე და დღეს ეს მასალა მტკიცებულებაა ჰააგის სასამართლოსთვის გადაგზავნილ დოკუმენტებში.

- ზოგადად, როგორ აფასებთ დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთ წევრთა განცხადებებს იმის შესახებ რომ ომი საქართველომ დაიწყო. შეიძლებოდა თუ არა, აგვისტოს რუსული აგრესიის თავიდან აცილება?

- პირადად შევესწარი, რომ დაჭრილი ბიჭები პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ როგორ გარბოდნენ კვლავ ბრძოლის ველისკენ. მათ გააზრებული ჰქონდათ რომ იცავდნენ თავიანთ ქვეყანასა და ქართულ სახელმწიფოებრიობას.

ჩემი თვალით ვნახე როგორ მზადდებოდა ეს კონფლიქტი, როგორ ბომბავდნენ ჩვენ ტერიტორიებს. გვიკლავდნენ პოლიციის თანამშრომლებს.

- პრეზიდენტმა განაცხადა რომ რუს სამშვიდობოებს გრუს სპეცრაზმმა ესროლა, რათა ოკუპანტებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოჭრის საბაბი ჰქონოდათ. იცით თუ არა, ამის შესახებ?

- რუსეთის მედია-საშუალებებით ხდებოდა ისეთი ინფორმაციების ტირაჟირება, რომ თითქოს ქართველები ბავშვების მკვლელები ვიყავით. საშინელებებს ავრცელებდნენ. მათ შორის 2 ათასი დაღუპულის შესახებაც.

არც ერთი მათგანი რომ არ დადასტურდა, რომ ვერ იპოვეს ვერც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ვინც ჩვენი იარაღით მოკვდა, მერე ეს მოიგონეს - თითქოს რუსულ საგუშაგოზე თავდასხმისას ქართველებმა რუსი სამშვიდობო მოკლეს.

თუმცა, დადასტურდა რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც ის ადამიანი მოკლეს, ქართული საჯარისო შენაერთების არცერთი წარმომადგენელი არ იმყოფებოდა.

რა თქმა უნდა, ყველაფერი პირიქით იყო. დიახ, ისინი გვიბომბავდნენ საგუშაგოებს, გვიხოცავდნენ პოლიციელებს, ესროდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს.

- ბატონო ლადო, როგორ აფასებთ 2008 წლის აგვისტოს რუსულ აგრესიას ახლა, 5 წლის შემდეგ... იყო თუ არა ეს, ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენისათვის ბრძოლა. თქვენი აზრით, ჰქონდათ თუ არა, ოკუპანტებს თბილისის აღებისა და ხელისუფლების წევრთა ლიკვიდაციის გეგმა?

- 2008 წლის აგვისტოში, ქართულ-რუსული ომის დროს, ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი ქვეყანა. ის, რომ საქართველო დღეს არსებობს როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო, ქართული არმიის, დაღუპული გმირებისა და ჩვენი თანამემამულეების შეუპოვრობის შედეგია.

ქართველი ჯარისკაცების მამაცობაზე დღეს ლეგენდები დადის. მათ შორის რუსეთშიც. 2008 წლის აგვისტოში, საქართველო, სახელმწიფოებრიობის განადგურებისგან სწორედ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ერთიანობამ, შეიარაღებული ძალების მედგარმა წინააღმდეგობამ და საერთაშორისო მხარდაჭერამ იხსნა.