
შროშა: იყიდება დოქი წარწერით - მე მიყვარს რუსეთი
16:19:41     07-08-2013
ივანიშვილის კაპიტულანტური პოლიტიკის პარალელურად, რიკოთის უღელტეხილზე, სოფელ შროშასთან, თიხის ჭურჭელს წარწერით - „მე მიყვარს რუსეთი“ იყიდება.
„ქართველ ხალხს უყვარს რუსი ხალხი და რუს ხალხს უყვარს ქართველი ხალხი“, - ეს სიტყვები პრემიერმა ერთ-ერთ ინტერვიუში, რამდენიმე დღის წინ თქვა.
ამ უცნაური ქართულ-რუსული სიყვარულის ფონზე, დღეს, სრულიად საქართველო, 5 წლის წინ, რუსული ინტერვენციის დროს დახოცილ გმირებს გლოვობს.
მართლაც, „რუს ხალხს რომ ქართველი ხალხი უყვარს“, - ეს უკანასკნელი 200 წლის მანძილზე არაერთხელ დაგვიმტკიცეს ერთმორწმუნე „ძმებმა“...
ბოლოს კი, ამ „სიყვარულის ნაყოფი 2008 წლის აგვისტოში ვნახეთ...
მიუხედავად იმისა რომ რუსმა ოკუპანტებმა მოგვიკლეს ჯარისკაცები, ოჯახის წევრები, წაგვართვეს სახლები, სოფლები, ქალაქები, ეთნიკური ნიშნით გამოდევნეს ათეულ ათასობით ჩვენი თანამოქალაქეები, გააბეს მავთულხლართები, საქართველოს პრემიერსა და მის მხარდამჭერებს „უყვართ რუსეთი“...
და ეს იმ ფონზე, როცა „რუსთავი 2“-თან საუბრისას, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მედვედევმა (ის 2008-ში პრეზიდენტი იყო) განაცხადა რომ არაფერს ნანობს და დღესაც იგივეს მოიმოქმედებდა, რაც 2008 წელს - ე.ი დღესაც ეცდებოდა საქართველსოს სახელმწიფოებრიობის განადგურებას...
დიახ, ჩვენ უამრავი მიზეზი გვაქვს საიმისოდ რომ „გვიყვარდეს რუსეთი“!