მკვლელობების სერია გრძელდება - ოზურგეთში ყოფილი პატიმარი ჩაცხრილეს
10:30:52     06-08-2013
მკვლელობების სერია კვლავ გრძელდება - შს მინისტრის განცხადებების ფონზე, რომ "ისე როგორც არასდროს დანაშაული შემცირებული, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაორმაგებულია", ბულვარში ყელს ჭრიან ბაშვებს, პიაცაზე კლავენ 22 წლის ბიჭებს, აუპატიურებენ არასრულწლოვან გოგონებს... პოლიციელები ძალადობენ მოზარდებზე...
გუშინ ოზურგეთში ცეცხლსასროლი იარაღით, საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს ზვიად გუჯაბიძე. ის ყოფილი პატიმარი იყო და ციხიდან რამდენიმე თვის წინ, ბესელია-კაკაბაძის ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა. ოზურგეთელთა განცხადებით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა. პოლიცია დანაშაულის დეტალებზე არ საუბრობს. თუმცა, არსებობს ვარაუდი რომ ეჭვმიტანილიც ყოფილი პატიმარია.
მოწმეთა განცხადებით, მკვლელი მსხვერპლს მანქანაში ელოდებოდა. როდესაც გუჯაბიძე სახლთან მივიდა, მკვლელი მანქანიდან გადმოვიდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, რის შემდეგაც კვლავ მანქანაში ჩაჯდა და მიიმალა. დაჭრილი გუჯაბიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.