
ოპოზიციაში გადასულ დავითაშვილს პრეზიდენტობა სურს
12:26:28     02-08-2013
კობა დავითაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს და საპრეზიდენტო არჩევნებში ერთვება.
ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს დავითაშვილმა პირადად დაუდასტურა. როგორც „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი აცხადებს, მასსა და უმრავლესობას შორის განსხვავებული პოზიციები არსებობს.
როგორ მან სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვების შესახებ მას შემდეგ მიიღო, რაც "ქართულმა ოცნებამ" ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენი სასამართლოს დამოუკიდებლობას დაუკავშირა.
„ეს გადაწყვეტილება არის დაცინვა იმ ხალხისა, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას ელოდა და ეს არის ხელისუფლების კურსის უნიათობა. დღევანდელ ლოიალურ შეფასებებს ხვალ მოჰყვება მერაბიშვილის გათავისუფლება და სხვა ჯალათების უმანკო კრავებად გამოცხადება. ჩემთვის სამწუხარო და მიუღებელია, რომ როცა ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლების ინტერესს დაუპირისპირდა დამსაქმებლების, სადაზღვევო კომპანიების, მევახშეთა და სხვათა ინტერესები, ჩვენ ყოველთვის ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ გავაკეთეთ არჩევანი“,- განაცხადა დავითაშვილმა.