კოჩალაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამშობლოში არ დაბრუნებულა

  11:42:04     30-07-2013

16 წლის მარიამ კოჩალაძის მკვლელობაში ბრალდებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინტანი ორი წლის განმავლობაში თურქეთში ცხოვრობდა და ჯერჯერობით ირანში არ დაბრუნებულა- აღნიშულ ინფორმაციას ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსული აჰმად რეზა არზიანი ავრცელებს. 

კონსული მარიამ კოჩალიძის საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველ სამართალდამცავებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს. 

 “სამართალდამცველებს მივაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ”, - აღნიშნა აჰმად რეზა არზიანმა "აჭარის" ტელევიზიასთან საუბრისას. 

“ჩვენ ვგმობთ ამ საზარელ მკვლელობას და მზად ვართ დავეხმაროთ ქართველ სამართალდამცავებს. მივაწოდოთ ინფორმაცია მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ. უკვე გადავეცით მნიშვნელოვანი ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილეს. საზღვრებზე გაძლიერებულია კონტროლი. მკვლელობაში ბრალდებული ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთში იმყოფებოდა და ჯერჯერობით ირანში არ დაბრუნებულა. იმედი მაქვს, ამ საქმეს მალე ნათელი მოეფინება და ინციდენტი ორი ქვეყნის ურთიერთობაზე არ აისახება”, -განაცხადა აჰმად რეზა არზიანმა. 

16 წლის მარიამ კოჩალიძე ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტოროიაზე 23 ივლისს ყელგამოჭრილი იპოვეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინტანია, რომელმაც საქართველოს საზღვარი მკვლელობის დღეს დატოვა.