მარიამ კოჩალიძის ოჯახი მედიას: ნუ ავრცელებთ ჭორებს, ეს ჩვენ გულს გვტკენს

  17:59:34     29-07-2013

ბათუმის ბულვარში 22 ივლისს განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალიძის ოჯახი მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს ნუ სპეკულირებენ ოჯახის ტრაგედიით. 

„პრესა.ჯი“-ს რედაქციას დღეს მარიამის ბიძაშვილი, ქეთი ბერიძე დაუკავშირდა და განუცხადა, რომ ის ინფორმაცია თითქოს გარდაცვალებამდე მარიამ კოჩალიძე საკუთარ თავში ჩაიკეტა და ტაძარში სიარული შეწყვიტა, სიმართლეს არ შეესაბამება. 

ქეთი ბერიძე: ეცით პატივი ოჯახის ტრაგედიას. ვთხოვთ მედიის წარმომადგენლებს ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ეს ყველაფერი ჩვენ გულს გვტკენს. 

ის ვერსია, რომ მარიამი ბოლო დროს გულჩათხრობილი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება. მეტიც, სიკვდილამდე 5 დღით ადრე მან პირადად მომილოცა დაბადების დღე, ძალიან გახარებული და ბედნიერი ჩანდა. რაც შეეხება ჯვრის მოხსნის საკითხს, შეგიძლიათ მის ფეისბუქის გვერდზე ნახოთ. მას ჯვარი არასდროს მოუხსნია, ის ყველა ფოტოში ჩანს. ჰყავდა სულიერი  მოძღვარი მამა ანდრია... დაურეკეთ და ჰკითხეთ. 

„პრესა.ჯი“:საზარელი მკვლელობიდან მალევე გაჩნდა ვარაუდი, რომ მარიამი მკვლელს იცნობდა.  ითქვა, რომ შესაძლოა ირანის მოქალაქე ტერორისტი იყო და მარიამის „დამუშავებას“ ცდილობდა. მის ყელზე ჯვრის ნახვამ კი ეჭვმიტანილი განარისხა და თქვენი მამიდაშვილი სასიკვდილოდ გაიმეტა... 

- ეს მოსაზრებები მხოლოდ ჭორის დონეზე არსებობს. მედია ავრცელებს ამ ვერსიებს. ჩვენთვის ამის შესახებ ოფიციალურ სტრუქტურებს არაფერი უთქვამთ. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, ჯვრის ტარების საკითხს კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მარიამს ჯვარი სულ თან ჰქონდა. 

- ცნობილია, რომ მარიამი ბლოკნოტში ჩანაწერებს, ბლიც-ინტერვიუებს აკეთებდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძლოა მარიამს მკვლელზეც ჰქონოდა ჩანახატი დაწერილი. იცოდით თუ არა მისი გატაცების შესახებ? 

- მედიაში ვრცელდება ინფორმაციები,  რომ მარიამი დღიურს აწარმოებდა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ბავშვი აკეთებდა მოკლე ჩანაწერებს. წიგნებს რომ წაიკითხავდა, იქიდან ცნობილ გამონათქვამებს ამოიწერდა. ბლოკნოტში ამა თუ იმ ნაწარმოებზე მის შეხედულებას წერდა და ასე შემდეგ. 

- ბათუმში აცხადებენ, რომ იმ ადგილს,  სადაც მკვლელობა მოხდა, დაცვის სამსახური არ იცავდა, ამბობენ რომ ძალიან საშიში ადგილია... 

- რა სისულელეა, იქ არანაირი საფრთხე არ არსებობდა. ბულვარის მნიშვნელობა ხომ იცით რას ნიშნავს... იმ ადგილას ხალხი ახლაც დადის. სარბენი ბილიკია, სადაც არ არის, დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები. 

მარიამი საღამოს 9-ზე სულ სახლში იყო. 6 საათისთვის გადიოდა და ვარჯიშობდა, ხან წიგნს კითხულობდა. 

- რა შეიძლება იყოს მკვლელობის მოტივი? 

- არ ვიცით, ვის რას უშავებდა ეს ბავშვი. მიმდინარეობს გამოძიება და იმედია გამოძიება ობიექტურ შედეგს დადებს და მალე დაიჭერენ მკვლელს. ამის იმედს გვაძლევენ.