![წამებით მოკლული მარიამის ახლობლები პოლიციის ვერსიას საეჭვოდ მიიჩნევენ წამებით მოკლული მარიამის ახლობლები პოლიციის ვერსიას საეჭვოდ მიიჩნევენ](http://presa.ge/img/multimedia/a25210.jpg)
წამებით მოკლული მარიამის ახლობლები პოლიციის ვერსიას საეჭვოდ მიიჩნევენ
18:25:02     25-07-2013
წამებით მოკლული 16 წლის მარიამის მკვლელობის საქმის გამოძიება შესაძლოა ჩიხში შევიდეს. მოკლულის ოჯახის ახლობლები, მეზობლები და ნათესავები აცხადებენ რომ შსს-ს მიერ გავრცელებული ეჭვმიტანილის აღწერილობა მკვეთრად განსხვავდება იმ პირისგან, რომელიც მკვლელობის ადგილის სიახლოვეს, ხიდის ქვეშ ცხოვრობდა.
მარიამ კოჩალიძის მეზობლები საეჭვოდ მიიჩნევენ პოლიციის ვერსიას, რომლის მიხედვითაც 16 წლის გოგონას ყელი ირანის მოქალაქემ გამოჭრა და საქართველოს საზღვარი მკვლელობიდან მალევე დატოვა.
მათი თქმით, გამორიცხული არაა რომ პოლიცია გამოძიებას არასწორი მიმართულებით აწარმოებდეს, რათა შესაძლო მკვლელი ამნისტირებული პატიმარი არ აღმოჩნდეს.
მარიამის მეზობლები გაკვირვებულები არიან იმ ფაქტითაც რომ პოლიცია მკვლელობის ადგილზე და მის სიახლოვეს, მკვლელობის იარაღს რამდენიმე დღის შემდეგ ეძებს.
"მაშინვე რატომ ვერ იპოვეს? ბავშვი ლამის უამრავი ადამიანის თვალწინ მოგვიკლეს. პოლიციამ კი ვერაფერი გაიგო, მერე გვითხრეს მკვლელმა საქართველო დატოვა და თურქეთში გადავიდაო, დღეს კი, დაგვიანებით ეძებენ მკვლელობის იარაღს", - აცხადებენ მარიამის მეზობლები.
შეგახსენებთ რომ ამ წუთებში ბათუმში, იმ ადგილზე, სადაც 16 წლის მარიამ კოჩალიძე მოკლეს, სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. სავარაუდოდ, მკვლელობის ადგილზე სამართალდამცველები დანაშაულის იარაღს ეძებენ.
„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით ადგილზე იმყოფებიან კინოლოგები. კომენტარს არ აკეთებენ შს სამინისტროში.