![„მითხრეს რომ ლევანის წამებას ფირზე იღებდნენ“ - რა ხდება სუბარის ციხეებში? „მითხრეს რომ ლევანის წამებას ფირზე იღებდნენ“ - რა ხდება სუბარის ციხეებში?](http://presa.ge/img/multimedia/a25197.jpg)
„მითხრეს რომ ლევანის წამებას ფირზე იღებდნენ“ - რა ხდება სუბარის ციხეებში?
18:37:34     24-07-2013
სუბარის რეფორმირებულ ციხეში წამებით მოკლული პატიმრის, 24 წლის ლევან კორტავას მკვლელობის საქმე ამ დრომდე გაუხსნელია. როგორც „პრესა.ჯი“-ს გარდავლილი პატიმრის მამიდამ, ხათუნა კორტავამ განუცხადა, ორი კვირის წინ ის ქუთაისის პროკურატურაში დაკითხეს, თუმცა, გამოძიება დამნაშავეებს არ სჯის.
ხათუნა კორტავა: ხვალ ან ზეგ მელოდებიან ქუთაისის პროკურატურაში, სადაც საქმის შესახებ უნდა მომაწოდონ ინფორმაცია. დაახლოებით ორი კვირის წინ ჩამომართვეს ჩვენება, სამართალდამცავებს ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია მივაწოდე. დაველოდები რა შედეგს დადებს პროკურატურა.
კვლავინდებურად უშედეგოდ ვითხოვ ციხის ადმინისტრაციის იმ თანამშრომელთა დასჯას, ვინც ლევანი მომიკლა. პასუხისგებაში უნდა მიეცნენ ციხის უფროსი და მისი მოადგილე.
„პრესა.ჯი“: დამოუკიდებლად იძიებთ ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტს?
- ჯერ დამთავრდეს გამოძიება. ვნახავ რას დადებს პროკურატურა, შემდეგ მე თვითონ გავავრცელებ იმ ინფორმაციას, რომელიც მათ დამალული აქვთ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კადრებია გადაღებული თუ რა მოხდა ციხეში. მითხრეს რომ ლევანის წამებას ციხის თანამშრომლები ფირზე იღებდნენ...
- აცხადებთ, რომ ციხის თანამშრომლები, პატიმრის წამების ფაქტს ფირზე იღებდნენ?
- დიახ, ასეთმა ინფორმაციამ გამოჟონა, თუმცა ჯერ ვერაფერს ვიტყვი, ამ თემაზე ინფორმაციას ვაგროვებთ.
- ჩააყენეთ თუ არა, საქმის კურსში გამოძიება აღნიშნულის შესახებ?
- ჯერ ბოლომდე უნდა დავრწმუნდე ინფორმაციის სისწორეში. ამ ეტაზე შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ ასეთმა ინფორმაციამ გამოჟონა და ჩემამდე მოაღწია“.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 23 მაისს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ ნომერ მე-14 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულ ლევან კორტავას გარდაცვალების მიზეზად ორი სხვადასხვა ვერსია გაავრცელა.
პირველ განცხადებაში სამინისტრო პატიმარ კორტავას გარდაცვალების მიზეზად კიბიდან დაგორებას ასახელებდა. თუმცა, ოჯახის გამოხმაურებისა და საზოგადოების რეაქციის შემდეგ, სუბარმა პატიმრის გარდაცვალების ვერსია შეცვალა და გარდაცვვალების მიზეზად პატიმრებს შორის მომხდარი კონფლიქტი დაასახელა.
"გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, 2013 წლის 23 მაისს, 12:00 საათზე მსჯავრდებული ლევან კორტავა გარდაიცვალა. გარდაცვალების წინასწარი დიაგნოზია: ქალა-ტვინის და ქალა-სახის დახურული ტრავმა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. ზუსტი დიაგნოზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი", - აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებაში, სადაც კორტავას გარდაცვალების მიზეზზეა საუბარი.