შსს მარიამ კოჩალაძის სავარაუდო მკვლელის აღწერილობას აქვეყნებს

  11:52:13     24-07-2013

16 წლის მარიამ კოჩალაძის მკვლელობის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. 

როგორც ღარიბაშვილის უწყებაში აცხადებენ, გამოძიების მსვლელობისას გაირკვა, რომ აღნიშნული დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა გუშინ საღამოს ახალი ბულვარის ბოლოდან დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით გააჩერა მუქი ფერის ტაქსი და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

სავარაუდო მკვლელის აღწერილობა: მამაკაცი არის 40-45 წლის, სიმაღლე 180-185 სმ, საშუალოზე ოდნავ სუსტი, საშუალო სიგრძის შავი სწორი თმები, შავი წარბები, შავი წვრილი თვალები, თავისა და სახის წაგრძელებული ფორმა, სწორი და მოგრძო ცხვირი, თხელი ტუჩები, მომრგვალებული, ოდნავ წინ წამოწეული ნიკაპი, მუქი ხორბლისფერი კანი, საუბრობს დამტვრეული ქართულით, ხშირად მუნჯის იმიტაციას აკეთებს.

ტანთ ეცვა შავი ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, ზევიდან სტაფილოსფერი უმკვლავო საწვიმარი, ლურჯი ან შავი ვიწრო ჯინსის შარვალი, ატარებს შავი ფერის სათვალეს, თან დააქვს შავი ფერის ზურგჩანთა და ყავისფერი ხელჩანთა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნული ტაქსის მძღოლს მოუწოდებს დაუყონებლივ გაუწიოს დახმარება გამოძიებას და გამოცხადდეს შინაგან სსაქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოში.

შეგახსენებთ რომ ბათუმის ბულვარში 16 წლის მარიამ კოჩალიძის ნაწამები ცხედარი გუშინ დილით იპოვეს. მარიამს ყელი ჰქონდა გამოჭრილი. ოჯახმა მისი ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც 16 წლის გოგონა საღამოს სახლში არ დაბრუნდა. ის ბულვარში ველოსიპედით სეირნობდა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა აღძრული, რაც განზრახ მკვლელობს გულისხმობს.

16 წლის ხელოვანის საზარელი მკვლელობის საკითხს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მან მინისტრ ღარიბაშვილს მომხდარის უმოკლეს პერიოდში გამოძიება მოსთხოვა.

სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალური ქმედებების გამო შეშფოთება გამოთქვა.