ივანიშვილის „აბაროტი“ ალასანიას - რას უმზადებენ თავდაცვის მინისტრს?
16:04:38     23-07-2013
პოლიტიკურ კულუარებში უკვე ღიად ალაპარაკდნენ იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, პრემიერმა შესაძლოა თავდაცვის მინისტრი გადააყენოს.
ივანიშვილმა ალასანია რამდენიმე მიზეზის გამო აითვალწუნა. უკვე გაჩნდა პირველი ორიენტირი იმისა, თუ რა მოტივით „გააფუჭებენ“ თავდაცვის მინისტრს.
„აუ, რა ...“
პირველი და ყველაზე მთავარი, რის გამოც ივანიშვილი ალასანიას ერჩის, არჩევნებამდე გავრცელებული აუდიო ჩანაწერებია. აუდიო ჩანაწერი ბიძინას დაცვის წევრმა, ბესო სურმავამ გაავრცელა.
მაშინ, „ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს რომ ჩანაწერი ყალბი და ფალსიფიცირებული იყო. თუმცა, ახალ ხელისუფლებას ამ დრომდე არ ჩაუტარებია ექსპერტიზა ჩანაწერებზე, რაც ფაქტობრივად, მის ნამდვილობას ადასტურებს.
აუდიო ჩანაწერში კი, ირაკლი ალასანია ალექსი პეტრიაშვილს ესაუბრება და ბიძინა ივანიშვილს არაკორექტულად მოიხსენიებს. „აუ, რა ყლ..ა“, - ამბობს იგი ბატონ ბიძინაზე.
არჩევნები ჯარში
მეორე მიზეზი, რომლის გამოც პრემიერმა, შესაძლოა, ალასანია მოისროლოს, პოლიტიკურია. ივანიშვილი ეჭვობს რომ საპრეზიდენტო არჩევნებში, ალასანია, რომელიც პრეზიდენტობაზე ოცნებობს, შეიარაღებულ ძალებს მარგველაშვილზე ხმას არ მიაცემინებს.
ივანიშვილის გარემოცვის აზრით, ალასანია ეცდება თავდაცვაში ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს და „ოცნებას“ ჯარში არჩევნების გაყალბების უფლება არ მისცეს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისედაც დაბალრეიტინგიანი მარგველაშვილი, გარანტირებულად ვერ გაიმარჯვებს პირველ ტურში (შეიარაღებულ ძალებში 30 ათასზე მეტი ადამიანი მსახურობს). მეორე ტურში კი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მათ შორის ისიც რომ მარგველაშვილმა წააგოს.
დაპირისპირება ღარიბაშვილთან
ალასანიას გადაგდების მესამე მიზეზი თავდაცვისა და შს მინისტრებს შორის არსებული დაპირისპირებაა.
ღარიბაშვილი ფარულად აგროვებს კომპრომატებს ალასანიაზე, მათ შორის თავდაცვაში არსებული კორუფციული სქემებისა და ფულის გადანაწილების შესახებაც.
იმას რომ ალასანიას კარგს არაფერს უმზადებენ, სავარაუდოდ, თავდაცვის მინისტრიც ხვდება. ამის დასტური იყო მისი ბოლო პრესკონფერენცია, სადაც ალასანიამ ხელისუფლებას ე.წ. „ჯიჰადის ვიდეოს“ საქმის სასწრაფოდ გამოძიებისკენ მოუწოდა.
ალასანიამ ხაზგასმით აღნიშნა რომ ე.წ. „ჯიჰადის ვიდეოს“ საქმის გამოძიება ჭიანურდება, რის გამოც თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურების საგამოძიებლო მოქმედებებში ჩართვა არ გამორიცხა.
რატომ გააკეთა თავდაცვის მინისტრმა მსგავსი განცხადება და რატომ „დაარტყა“ მან ღარიბაშვილს?.
1. „ჯიჰადი ვიდეოს“ საქმის გამოძიება მართლაც საეჭვოდ ჭიანურდება. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი ეჭვობს რომ ეს ვიდეოები, საკუთარი ხალხის დასაშინებლად და ნატოს საწინააღმდეგო პროპაგანდის დასაწყებად, ივანიშვილის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, კოკა ყანდიაშვილა ბერას სტუდიაში დაამზადა.
2. ამ თემის ირგვლივ ალასანიამ, ცხადია ბევრად მეტი იცის. მას ხელი მიუწვდება სამხედრო დაზვერვაზე, აქვს შიდა ინფორმაციებიც და დარწმუნებულია, რომ „ჯიჰადის ვიდეოები“ მართლაც ხელისუფლების წიაღში აღმოცენდა.
შესაბამისად, ამ განცხადებით, ალასანიამ ივანიშვილ-ღარიბაშვილს მიანიშნა რომ თუ მის გაფუჭებას მოინდომებენ, „ჯიჰადის ვიდეოების“ საქმეს დაძრავს...
იქნებ ამითაც აიხსნება ალასანიას განცხადების გამო გაღიზიანებული ღარიბაშვილის აგრესიული კომენტარი - რომ არავის მისცემს უფლებას, სხვა სტრუქტურა ჩაერთოს „ჯიჰადის ვიდეოს“ საქმის გამოძიებაში.
„არავის საქმეში არ ვერევი მე და ნურც სხვა ჩაერევა ჩემი სამინისტროს საქმეებში“ - თქვა მაშინ შს მინისტრმა.
კულუარული ინფორმაციით, ღარიბაშვილს აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოიცილონ ალასანია. სქემა, ფაქტობრივად, იგივეა, რაც სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით კირვალიძის მიმართ გამოიყენეს - როცა ხელისუფლებამ მინისტრის გარემოცვა კორუფციაში ამხილა, ბევრი მათგანი დააპატიმრა, ხოლო კირვალიძე უმტკივნეულოდ მოიშორა.