16 წლის გოგონას ყელი გამოჭრეს - მისი ცხედარი ბულვარში იპოვეს

  12:27:15     23-07-2013

ბათუმის ბულვარში 16 წლის გოგონას, მარიამ კოჩალიძეს ყელი გამოჭრეს. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული. მისი ცხედარი დღეს დილით, ოჯახის ახლობლებმა იპოვეს. 

თვითმხილველთა განცხადებით, გოგონას ცხედარს ზურგზე ქვა ედო, იქვე იყო მისი კუთვნილი ჩანთა და მობილური ტელეფონი. გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ რომ გოგონა ბულვარში ხშირად სეირნობდა ველოსიპედით. 

ისინი ბათუმში კრიმინალური შემთხვევების მომრავლების გამო ჩივიან. "უკვე საშიში გახდა ღამით სიარული. გვიმტკიცებენ პოლიცია უკეთ მოამზადეს და კარგი მანქანები იყიდესო. თუმცა, აი რა მოხდა - საზარელი დანაშაული. ბავშვს ყელი გამოჭრეს და წამებით მოკლეს", - ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები. 

შს მინისტრი კი ამაყად გვიმტკიცებს რომ საკურორტო ზონა, ისე როგორც არასდროს დაცული და უსაფრთხოა. მან დიდი პომპეზურობით წარმოგვიდგინა ძვირადღირებული მანქანები პატრულისათვის და გვახარა რომ აჭარაში საპატრულო პოლიციის რაოდენობა გაზრდილია.

თუმცა, სამწუხაროდ, კარგად აღჭურვილი და ძვირადღირებული მანქანებით მოსეირნე პოლიცია მძიმე დანაშაულის აღკვეთას ვერ ახერხებს. 

მართალია, ღარიბაშვილი იმასაც გვიმტკიცებს რომ დანაშაული ქვეყნის მასშტაბითაა შემცირებული, მაგრამ იქ სადაც დანაშაული შემცირებული, ხოლო საპატრულო პოლიციის რაოდენობა გაზრდილია, წესით, 16 წლის უმწეო გოგონას, ბათუმის ცენტრში, ყელს არ უნდა ჭრიდნენ.