კარლ ბილდტი: საქართველოში არის პრობლემური საკითხები, რაც შერჩევით სამართალს ეხება

  16:51:02     22-07-2013

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კარლ ბილდტი საქართველოში განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიების გამო შეშფოთებულია.

"საქართველოში არის პრობლემური საკითხები. მხედველობაში მაქვს საქართველოში არსებული შერჩევითი სამართალი.

ჩვენ შეშფოთებულები ვართ და ამ თემაზე საგარეო საქმეთა მინისტრს უნდა ვესაუბროთ", - განაცხადა ბილდტიმ ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დაწყებამდე.

მკითხველს შევახსენებთ რომ ივანიშვილის ხელისუფლებას, შერჩევითი სამართლის, პოლიტიკური დევნისა და უმცირესობების უფლებების დარღვევის გამო დასავლელი ლიდერები უკვე ღიად აკრიტიკებენ.

ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების აზრით, ივანიშვილის ხელისუფლება პოლიტიკურ რეპრესიებს ახორციელებს. ევროპელი და ამერიკელი ლიდერები შეშფოთებულები არიან ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების გამო და აცხადებენ რომ ეს ფაქტი აღიქმება როგორც პოლიტიკური დევნა. 

ივანიშვილის ხელისუფლება კი, დასავლელი პარტნიორების კრიტიკას უჩვეულოდ პასუხობს და აცხადებს რომ ნაციონალურ მოძრაობას ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომაში შეჰყავს.

მაშ ასე: ამერიკელი სენატორების, გავლენიანი ამერიკული გამოცემების: „ვაშინგტონ პოსტის“, „ნიუ იორკ თაიმსის“, ბალტიისპირეთის ქვეყნების მთავრობების, ინგლისელი და ფრანგი პოლიტიკოსების, ნატოს გენ-მდივნისა და კიდევ უამრავი დასავლელი ლიდერის შემდეგ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი „მსხვერპლია“. ისიც, ისევე როგორც „ნაცპროპაგანდის“ სხვა უამრავი „მსხვერპლი“, აცხადებს რომ საქართველოში ადგილი აქვს შერჩევით სამართალს.