რა ხდება თავდაცვაში და ვინ აგებს პასუხს ასეულობით მოწამლული ჯარისკაცის გამო?
16:29:07     18-07-2013
როგორც კალანდაძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადა, მის მიერ ჯარის კვებისთვის გათვალისწინებული 500 ათასი ლარიდან თანხის მითვისება სიცრუეა.
მისი განმარტებით, მას და რამდენიმე ოფიცერს სახელმწიფო ბალანსზე არსებული ბინა გადაეცა და თითქოსდა მითვისებული თანხით ბინა არ შეუძენია.
"ეს არის ტყუილი და მინიმუმ რაღაც სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოექცეს მინისტრი, სანამ ჩემს მუნდირს შეეხება და ასეთ ცილს დამწამებს", - განაცხადა კალანდაძემ. მისივე თქმით, ირაკლი ალასანია საკუთარი პიარითაა დაკავებული.
გენ-შტაბის ყოფილმა უფროსმა ასევე ქვეყნის პემიერსა და პრეზიდენტს მიმართა, ყურადღება გაამახვილონ იმ ფაქტზე, რომ რამდენიმე თვის წინ ტელეეთერში თავდაცვის მინისტრმა სიცრუე განაცხადა, როცა თქვა, რომ 13 ჯარისკაცი მოიწამლა.
"მოიწამლა რამდენიმე ასეული ჯრისკაცი. პირველი მოწამვლის ფაქტი მე-2 და მე-3 ბრიგადაში მოხდა. ერთი თვის შემდეგ მსგავსი ფაქტი მე-4 ბრიგადაშიც განმეორდა.
ალასანია ამ შემთხვევებს მალავს. მეორე ფაქტი საერთოდ არ გახმაურებულა. ჯარისკაცების მოწამვლის მიზეზი უხარისხო საკვებია", - განაცხადა გიგი კალანდაძემ.
ცნობილია, რომ აღნიშნული საკვები ჯარში სწორედ მინისტრის ახლობლების ფირმებიდან შეჰქონდათ.
თავდაცვის სამინისტროში კვების ტენდერში, 19 და 39 მილიონ ლარიანი ლოტები მოიგო შპს-მ, რომლის სახელწოდებაა "ელექტრომონტაჟ სერვისი".ამის შესახებ ცოტა ხნის წინ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა, გივი თარგამაძემ განაცხადა. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს კვების ტენდერებს და მის გაუქმებას, გივი თარგამაძის განცხადებით, თავდაცვის მინისტრს და სამინისტროს აფრთხილებდნენ ირანულ კვერცხთან დაკავშირებით, რომ ის შეიცავს მოწამვლის საფრთხეს.
"თუმცა, როგორც ჩანს, მაინც გაუწია ალასანიამ ანგარიში გია ხუხაშვილს. პოლიტიკური რევერანსი გაუკეთა ამ ჯარისკაცების მოწამვლის ხარჯზე და შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ ხუხაშვილის რიტორიკა ალასანიას მიმართ შეიცვალა და საკმაოდ შერბილდა", - განაცხადა თარგამაძემ.
გენ-შტაბის ყოფილმა უფროსმა ალასანიას უწყებაში არსებულ სხვა დარღვევებზეც მიუთითა. ,,სამხედრო პოლიციაში ლოგისტიკის სარდლის, გიორგი კერესელიძის მიერ მის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება გამაცნეს.
თითქოს ჩემი დავალებით კერესელიძემ ზუგდიდის აქციის მოსაწყობად უკანონოდ საწვავის გამოყოფა მოახდინა. ამ საკითხზე მე მოწმის სტატუსით დამკითხეს", - განაცხადა გიგი კალანდაძემ.
მისივე თქმით, ლოგისტიკის სარდალი გიორგი კერესელიძე სამხედრო პოლიციამ რამდენიმე თვის წინ ადამიანების ცემის გამო დააკავა.
მან ეს დანაშაული აღიარა. შემდეგ თავდაცვის სამინისტროდან საეჭვო გარანტიები მიიღო და ის ციხიდან არა მარტო გაათავისუფლეს, თანამდებობაზეც დააბრუნეს.
კალანდაძე მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, მოიკვლიონ, რა მიზეზით შეწყდა ამ ადამიანზე საგამოძიებო მოქმედებები.
გენ-შტაბის ყოფილი უფროსი აპირებს, დაელოდოს სასამართლო გადაწყვეტილებებს და შემდეგ სამართლებრივი გზით გააგრძელოს ბრძოლა ალასანიას მხრიდან მის წინააღმდეგ გაკეთებულ ბრალდებებსა და ქმედებებზე.
სხვათაშორის, ეს მხოლოდ ერთი ფაქტი არაა ალასანიას საკადრო პოლიტიკის შესახებ. ,,თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორის თეა თუთბერიძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, სამხედრო პოლიციის უფროსის ამჟამინდელი მოადგილე სერგო ჩაჩიბაია 6-წლიან სასჯელს არასრულწლოვანი მოზარდის ელექტროშოკით წამებისთვის იხდიდა.