
რატომ არ ეძლევათ ოჯახის წევრებს ყოფილი პრემიერის მონახულების უფლება?
18:49:50     17-07-2013
ევროპარლამენტარმა, არნო დენჟანმა ვანო მერაბიშვილის მონახულების შემდეგ შემდეგი კომენტარი გააკეთა: "იმედგაცრუებულები ვართ, რომ ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა არ ეძლევათ ოჯახის წევრებს, რაც მისთვის ძალიან რთულია. არ აქვს კომუნიკაცია გარესამყაროსთან, თუ არ ჩავთვლით ევროპარლამენტარების ვიზიტებს. არ ვარ დარწმუნებული, რომ წინააღმდეგობაში მოდიოდეს საქართველოს კანონმდებლობასთან, რომ ოჯახის წევრებს მასთან შეხვედრის შესაძლებობა ჰქონდეს და სწორედ ამიტომ ვართ შეწუხებულები.
ჩვენთვის ეჭვგარეშეა, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს, ჩვენ არ ვაყენებთ ამ საკითხს, მაგრამ შეწუხებულები ვართ იმ ფაქტის გამო, რომ წინასწარი დაკავება უნდა იყოს გამონაკლისი და მე ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს დაკავება იყო გამართლებული”.
„პრესა.ჯი“ დაინტერესდა, რატომ არ ეძლევათ წინასწარ პატიმრობაში მყოფ მერაბიშვილის მონახულების საშუალება მისი ოჯახის წევრებს.
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის, ხათუნა პაიჭაძის ინფორმაციით, თუ მერაბიშვილის ადვოკატები პროკურატურას სპეციალური განცახადებით მიმართავენ, მაშინ უწყება მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს.
პაიჭაძე: პროკურატურას აქვს უფლება მიიჩნიოს მიზანშეწონილად აღნიშნული განცხადება ან არ მიიჩნიოს. კანონში იმპერატიული მოთხოვნა, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირს, როცა მას ბრალი დამტკიცებული არ აქვს მიეცეს საშუალება ნახოს ოჯახის წევრი, არ წერია. მე ვეძებ მერაბიშვილის ადვოკატების განცხადებას, რომლებსაც არ ახსოვთ განცხადების ნომერი და უფრო ზუსტ განმარტებას შემდეგ გავაკეთებ.
როგორც მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი აცხადებს, გაუგებარია პროკურატურის პოზიცია, თუ რატომ არ აძლევენ ოჯახის წევრებს ვანო მერაბიშვილის მონახულების უფლებას.
„დაახლოებით 10 დღის წინ მივმართეთ პროკურატურას განცხადებით, რომ ოჯახის წევრებს მერაბიშვილის მონახულების უფლება ჰქონოდათ. თუმცა ამ შემთხვევაში დასაბუთებული პასუხი პროკურატურისგან ვერ მივიღეთ“,- განაცხადა ჩივიაშვილმა „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას და აღნიშნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ პროკურატურის რომელ განყოფილებაში შევიდა ეს განცხადება.
„პრესა.ჯი“ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობითაც დაინტერესდა. ჩივიაშვილის ინფორმაციით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, პრობლემები აქვს.
ჩივიაშვილი: რაც შეეხება მერაბიშვილის დაკავების სამართლებრივ კუთხეს, ჩვენი პოზიცია უცვლელია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო წინასწარი პატიმრობა გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიების სახით.